„გამოითქვა მკაცრი პროტესტი“ - კიევში რუსული ძალების იერიშის დროს აზერბაიჯანის საელჩოს დაზიანების გამო ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსეთის ელჩი ბაქოში მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.
„შეხვედრის დროს გამოითქვა მკაცრი პროტესტი 14 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 1:00 საათზე, უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონებით იერიშის შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილი, დაზიანდა სამსახურებრივი მანქანები, ადმინისტრაციული შენობა და საელჩოს საკონსულო განყოფილება, ასევე, სერიოზულად დაზიანდა დიპლომატიური მისიის კომპლექსი.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევდოკიმოვს შეახსენეს, რომ „მსგავსი სარაკეტო თავდასხმები, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“.
ბაქომ რუსულ მხარეს შესთავაზა „ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და წარმოადგინოს დეტალური ახსნა-განმარტებები“.