FT: ტრამპი ნატოს წევრებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას მოსთხოვს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, გეგმავს მოსთხოვოს ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა. წერს Financial Times-ი.
ამჟამად, ნატოს 32 წევრიდან მხოლოდ 23 ხარჯავს სამხედრო საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ს, ამ ხარჯების 5%-მდე გაზრდა მათ გაორმაგებაზე მეტს ნიშნავს.
ამასთან, დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ტრამპის გეგმებს იცნობს, გამოცემას განუცხადა, რომ ლაპარაკია ხარჯების „სამი ან მეტი პროცენტით გაზრდაზე“.
მისი თქმით, აშშ აპირებს ამ თემის განხილვას 2025 წლის ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე.
„თეთრი სახლის მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 3.1%-ს შეადგენს. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს (2020 წელს) პენტაგონის ხარჯებმა 3.4%-ს მიაღწია“, - წერს გამოცემა.