Loading data...
Fox News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

კერძოდ, კონგრესის კომიტეტი იძიებს, გამოიყენა თუ არა ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები აღნიშნული ვიზიტისთვის.

ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა წერილით მიმართა თეთრ სახლს, პენტაგონსა და იუსტიციის დეპარტამენტს, რომელშიც ითხოვს დოკუმენტაციას ადმინისტრაციის მიერ სამთავრობო რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

„კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, სცადა თუ არა ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ, გამოეყენებინა უცხოელი ლიდერი ვიცე-პრეზიდენტი ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის სასარგებლოდ და, თუ ასეა, ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა“, - ნათქვამია წერილში.

კომერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ, რომელშიც უკრაინელმა ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი .

„ეს რიტორიკა, რომელიც მოდის უცხოელი ლიდერისგან, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ს გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ვიზიტის წინ, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტის შესახებ, ძალიან შემაშფოთებელია“, - აღნიშნა კომერმა.