Financial Times: უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაბლოკა
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთანხმებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაბლოკა, იტყობინება Financial Times-ი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, 20 თებერვალს უნგრეთის ელჩმა ევროკავშირში გააპროტესტა ბლოკის მიერ უკრაინისთვის ამ თანხის სესხება ევროკავშირის ბიუჯეტით გარანტირებული ვალის გაცემით.
ამავდროულად, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინისთვის სესხის გამოყოფისთვის აუცილებელია ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა.
გამოცემა დასძენს, რომ უნგრეთის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დაბლოკვამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 8 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი სესხის პროგრამის დამტკიცებას.
Financial Times-ი იხსენებს, რომ სესხზე ევროკავშირის ლიდერები 2025 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა არ გაუწიეს იმ პირობით, რომ ისინი არ იქნებოდნენ პასუხისმგებლები სესხის დაფარვაზე.
„თუმცა იმისათვის, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის სესხის ასაღებად და გასაცემად ე.წ. ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვის გამოყენება შეძლოს, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მაინც არის საჭირო“, - ხაზს უსვამენ ჟურნალისტები.