Loading data...
ევროკავშირის გაუქმებასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ, რადოსლავ სიკორსკიმ ილონ მასკს მარსზე გაფრენა ურჩია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს მარსზე გაფრენა ურჩია. სიკორსკიმ ამის შესახებ X-ზე დაწერა. 

მასკმა პლატფორმა X-ის პოსტზე კითხვა დასვა - „რამდენ ხანში გაქრება ევროკავშირი?“.

ამერიკელმა მილიარდერმა ასევე, თავის პოსტს წარწერა დაურთო - „ევროკავშირის ლიკვიდაცია“. 

საპასუხოდ, სიკორსკიმ დაწერა: „გაფრინდით მარსზე. იქ ნაცისტური მისალმების ცენზურა არ არსებობს“.

ცალკე პოსტში რადოსლავ სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მასკის მოწოდებას ევროკავშირის „ლიკვიდაციის“ შესახებ მხარი დაუჭირა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

როგორც ევროკომისია აცხადებს, სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი „ლურჯი ნიშანი“ არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) მოთხოვნას.

X-ს ახლა აქვს 60 სამუშაო დღე, რათა ევროკომისიას აცნობოს კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს. შეუსრულებლობამ, შეიძლება, პერიოდულად ჯარიმები გამოიწვიოს.

ამასთან, მასკმა თქვა, რომ „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და თითოეულ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი“.