Loading data...
ევროკავშირი ესპანეთში მიგრაციული კრიზისის შემდეგ საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებაზე შეთანხმდა

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ესპანეთში განვითარებული საიმიგრაციო კრიზისის ფონზე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა გააძლიერა კონტროლი ესპანეთთან საზღვარზე, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტთა გადაადგილება ევროკავშირის შიდა სივრცეში. ასევე, იტალიასთან შეთანხმებით, პარიზმა გადაწყვიტა საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გაძლიერებაც.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს, არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორი ქსელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ სეუტაში განვითარებული კრიზისი ევროკავშირის შიდა დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს.

„ყველა წევრმა ქვეყანამ, გამონაკლისის გარეშე, შეხვედრაზე გამოხატა სოლიდარობა ესპანეთის მიმართ და შეაქო ესპანეთის მთავრობის მოქმედებები, ასევე მაროკოს მთავრობასთან თანამშრომლობა. ქვეყნებს შორის არსებობს კონსენსუსი, აუცილებელია, ბრძოლა გაძლიერდეს ტრეფიკინგში ჩართული ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც არალეგალური მიგრაციის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრებმა, ასევე,  მოუწოდეს ევროკავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად და იმ ტალღის განმეორების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ესპანეთს დაატყდა თავს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 70 ათასი ადამიანი შევიდა. 31 ივლისს ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტების უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.