Loading data...
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსეთთან საზღვრის სრული ჩაკეტვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პროექტი პარტია „მამულმა“ მოამზადა. მას 20-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 47-მა - წინააღმდეგ მისცა ხმა. დოკუმენტის მისაღებად 51 ხმა იყო აუცილებელი.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პარლამენტი ესტონეთის მთავრობას დაავალდებულებდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის და, ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები მიეღო.

„საზღვრის ჩაკეტვა არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ შემცირდეს რისკები, გამოირიცხოს შესაძლო ინციდენტები და საკონტროლო ხაზის დაცვა გაძლიერებული იყოს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობას „მამული“ბოლო თვეებში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნის. პოლონეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს, რომელთა ნაწილი განადგურებული იყო.

ასევე ეს პარტია მასშტაბურ სამხედრო მანევრებს იხსენებს, რომლებიც ბელარუსში ჩატარდა, ასევე ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე მომხდარი მრავალრიცხოვანი ინციდენტები მოჰყავს.