ესტონეთის დაზვერვა: „ორეშნიკის“ გამოყენება დასავლეთისთვის სიგნალი იყო
ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი ანტს კივისელგი რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაში ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენებას დასავლეთისთვის სიგნალად მიიჩნევს. იტყობინება ERR.
„ეს დარტყმა მნიშვნელოვანია, რადგან „ორეშნიკის“ გაშვება ამ ომის განმავლობაში მეორედ განხორციელდა. ბოლოს მსგავსი ბალისტიკური რაკეტა 2024 წლის 21 ნოემბერს გამოიყენეს, როდესაც დნეპრს თავს დაესხნენ. ამჯერად დარტყმა პოლონეთის საზღვართან გაცილებით ახლოს, დაახლოებით 80-100 კილომეტრში განხორციელდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ევროპის ან ნატოსკენ გარკვეული სიგნალი იყო“, - აღნიშნა დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დარტყმა განხორციელდა ვალდაიში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით, რასაც უკრაინა უარყოფს და რომელსაც დასავლეთის და ესტონეთის დაზვერვის სამსახურები ვერ ადასტურებენ და შესაბამისად, ეს რუსეთის მხრიდან ცილისწამების კამპანიაა.