Loading data...
„ეს ბლოკბასტერი არ არის, ეს არის რუსების მცდელობა რომ უკრაინელები გაანადგურონ“ - უკრაინის უმაღლესი რადას წევრი რუსების იერიშზე

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იგერიებენ უკრაინის თავდაცვის ძალები კიევში რუსეთის საჰაერო იერიშებს. ვიდეო Telegram-ზე უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ ალექსანდრ ფედიენკომ გამოაქვეყნა. 

„ეს არ არის ბლოკბასტერის ფრაგმენტი ვარსკვლავური ომების შესახებ, ეს რუსების მცდელობაა რომ უკრაინელები გაანადგურონ“, - ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრ ფედიენკომ.

მისივე თქმით, რუსებს არ აინტერესებთ სად ისვრიან და ვის მოკლავენ, რადგან ყველა უკრაინელი მათი სამიზნეა. 

„მათი ერი ხარობს, როდესაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან“, - განაცხადა ალექსანდრ ფედიენკო. 

მანვე დასძინა, რომ პარტნიორებსა და მათ დახმარებაზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ სანამ ევროპაში ომი არ იქნება, ისინი უკრაინელების მდგომარეობაში ვერ შევლენ. 

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, რუსების მთავარი სამიზნე კიევი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 430 დრონი და სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტა გამოიყენეს. ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ბავშვები.