დონალდ ტრამპი ირანს ურჩევს ბირთვული ობიექტების აღდგენა ან სხვა ადგილებში ახლის შექმნა არც სცადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ბირთვული ობიექტების აღდგენას შეეცდება, ისინი კვლავ განადგურდება. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„ირანში სამივე ბირთვული ობიექტი მთლიანად დაინგრა და განადგურდა. თუ ირანს ამის გაკეთება სურს, მათ აღდგენას წლები დასჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა ირანს ურჩია, ბირთვული ობიექტების აღდგენა ან სხვა ადგილებში ახლის შექმნა არ სცადოს, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განადგურდება.
ინფორმაციისთვის, ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა. 22 ივნისს კი აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
აშშ-ში განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია.
13 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზად იქნება ვაშინგტონთან ბირთვულ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაერთოს, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები არ განხორციელდება.