დანიის დაზვერვა: რუსეთს სურს, რომ უკრაინის მხარდაჭერა შევწყვიტოთ
დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა თომას არენკიელმა განაცხადა, რომ რუსეთი დანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რათა აიძულოს იგი, უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს.
არენკიელის თქმით, დანიის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ამჟამად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს როგორც სკანდინავიური სახელმწიფოს, ასევე დასავლეთის წინააღმდეგ.
„ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იყენებს სამხედრო საშუალებებს, განსაკუთრებით აგრესიული გზით, რათა ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს, შეიარაღებული კონფლიქტის ზღვრის გადაკვეთის გარეშე“, - განუცხადა არენკილმა ჟურნალისტებს.
„რუსეთს სურს გაურკვევლობა და შიდა დაპირისპირება შექმნას მოკავშირეებს შორის, რათა ჩვენ შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა და არ მოგვცეს საშუალება, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს და კიდევ უფრო აზიანებს რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა მან.
არენკიელის თქმით, რუსეთი დანიის წინააღმდეგ ისეთ საშუალებებს იყენებს, რომლებიც უკრაინის ომამდე წარმოუდგენელი იქნებოდა.
„ჩვენ გვსურს სამხედრო ძალის დემონსტრირება პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის გარეშე“, - განაცხადა დაზვერვის უფროსმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას უცნობი დრონების გამოჩენის გამო დანიის ექვსი სამხედრო და სამოქალაქო აეროპორტი დროებით დაიხურა. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ამას ქვეყანაზე ჰიბრიდული თავდასხმა უწოდა.