Loading data...
ბუნდესტაგმა უკრაინის სამხედრო დახმარება 400 მილიონი ევროთი გაზარდა - უკრაინული მედია

გერმანიის პარლამენტი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 400 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ გებეშტრაიტმა განაცხადა, წერს „ევროპული სიმართლე“.

მისი თქმით, ბუნდესტაგი დათანხმდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაფინანსების გაზრდას დაახლოებით 400 მილიონი ევროთი.

„ეს საშუალებას მოგვცემს, შევიძინოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკები, დრონები, საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, რაც ეფექტურად გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავიანთი ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნა გებეშტრაიტმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სექტემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, გერმანიის მთავრობას სურს, უკრაინას წელს დამატებით 400 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყოს.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა იმედი გამოთქვა, რომ ფედერალური მთავრობა უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად დამატებით თანხებს გამოყოფს. ეს თანხები ემატება იმ 7,5 მილიარდ ევროს, რომელიც მიმდინარე წელს უკრაინის დასახმარებლად გერმანიის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.