Loading data...
Bloomberg: კანადა შიშობს, რომ შესაძლოა, ტრამპის შემდეგი სამიზნე გახდეს

კანადა შიშობს, რომ ვენესუელაში ჩატარებული გახმაურებული ოპერაციისა და გრენლანდიის წინააღმდეგ ბოლო დროს გამოთქმული მუქარის შემდეგ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგი „სამიზნე“ გახდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს შეერთებული შტატების მხრიდან „სამხედრო იძულების“ შესაძლებლობას. თუმცა გლობალური უსაფრთხოების ექსპერტმა თომას ჰომერ-დიქსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა „ძალიან ძვირი დაჯდება“.

კანადის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოებისა და საზღვრების საკითხებში, უესლი უორკმა ვენესუელასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ქმედებებს უწოდა „ბოლო საგანგაშო სიგნალები კანადისთვის, რომელიც ხაზს უსვამს იმ რეალობას, რომ შეერთებული შტატები აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ოდესღაც იყო“.

„ვფიქრობ, ოტავაში ბევრ ოფიციალურ პირს უბრალოდ უჭირს იმის დაჯერება, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში ვართ, მტკიცებულებების მიუხედავად“, - აღნიშნა მან.

ანალიტიკოსების უმეტესობა ეჭვობს, რომ აშშ-ის სამხედროები კანადაში შეჭრას დაიწყებენ. თუმცა ტრამპმა შესაძლოა, თავისი „ახირებების დასაკმაყოფილებლად“ კანადის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას მიმართოს. აღნიშნულია, რომ ტრამპის ვენესუელაში განხორციელებულმა ქმედებებმა აჩვენა მისი მზაობა, გადადგას ავანტიურისტული ნაბიჯები, დასავლეთ ნახევარსფეროზე დომინირების მიზნით.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ კანადის შეიარაღებული ძალები უფრო მტრულად განწყობილი მსოფლიოსთვის მოუმზადებლები არიან. მათი რეგულარული და ძირითადი სარეზერვო ძალები 100 000-ზე ნაკლებ პერსონალს ითვლის.

ცნობილია, რომ კანადის მთავრობა არმიის რაოდენობის გაზრდას და იარაღში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, თუმცა ეს ზომები მხოლოდ დროთა განმავლობაში იმოქმედებს.

ასევე, არსებობს ეკონომიკური რისკები. კანადური ექსპორტის დაახლოებით 70% შეერთებულ შტატებში მიდის. ხოლო აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმების, ან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების დაწესების საფრთხემ შესაძლოა, ქვეყანას უკიდურესად მძიმე დარტყმა მიაყენოს. შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შესამცირებლად კანადა ცდილობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას, მათ შორის აზიაზე ორიენტირებას.

თუმცა კარლტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილიპ ლაგასი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტ დათმობას აკეთებს კანადა ამერიკულ ბაზარზე წვდომის შესანარჩუნებლად, მით უფრო იზრდება რეალური სუვერენიტეტის თანდათანობითი დაკარგვის რისკი, მაშინაც კი, თუ ის ფორმალურად ხელუხლებელი დარჩება.