Loading data...
BBC-მ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა, კომპენსაციის გადახდაზე კი უარი განაცხადა

BBC-მ ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაცემა Panorama-ს ეპიზოდისთვის, რომელშიც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა იყო რედაქტირებული, თუმცა უარყო მოთხოვნა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით.

„ვეთანხმებით, რომ ჩვენმა რედაქტირებამ უნებლიეთ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვაჩვენებდით გამოსვლის ერთ უწყვეტ მონაკვეთს და არა გამოსვლის სხვადასხვა პუნქტიდან ამონარიდებს და რომ ამან მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირი მოუწოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ“, - ნათქვამია BBC-ის განცხადებაში.

ამასთან, კორპორაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ბი-ბი-სი“ გულწრფელად ნანობს ვიდეოკლიპის რედაქტირების წესს, „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ არსებობს ცილისწამების ბრალდების საფუძველი“.

საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა Telegraph-თან ინტერვიუში „ბიბისის“ „პროპაგანდის მანქანა“ უწოდა. ტრამპის ადვოკატებმა კი „ბიბისის“ მოუწოდეს, გაეუქმებინა „პანორამას“ გადაცემა, ბოდიში მოეხადა პრეზიდენტისთვის და შესაბამისი კომპენსაცია გადაეხადა მიყენებული ზიანისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში სარჩელს შეიტანდნენ და მინიმუმ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდნენ.