Loading data...
ბაბიშმა პირობა დადო, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებას შეეცდება

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიის, ANO-ს ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადებს, თუ როგორ გადააჯგუფებს თავის ბიზნესაქტივებს იმ იმედით, რომ პრეზიდენტ პეტრ პაველის წინააღმდეგობებს გადალახავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

კერძოდ, ჩეხეთის პრეზიდენტმა ადრე მოითხოვა, რომ ბაბიშს ცენტრალურ ევროპაში მისი მრავალმილიარდიანი ბიზნესის შესახებ სიტუაცია განემარტა.

პოლიტიკოსის კომპანიები სახელმწიფო და ევროპული სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტებისთვის იბრძვიან, ამიტომ, თუ ის ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნება.

ბაბიშმა განაცხადა, რომ ის არ გაყიდის თავის მთავარ კომპანიას, „აგროფერტს“, მაგრამ შეასრულებს ჩეხეთისა და ევროკავშირის მოთხოვნებს - თუმცა, როგორ, მან უარი თქვა დაკონკრეტებაზე.

„თუ პრეზიდენტი [პაველი] ამას მოისურვებს, მაშინ ამას საჯაროდ ვიტყვი. ვფიქრობ, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ გადაწყვეტილება საჯაროდ გამოვაცხადო [პრეზიდენტის მიერ] ჩემს დანიშვნამდე“, - დასძინა მან.

2017-2021 წლებში, ბაბიშის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ინტერესთა კონფლიქტები მუდმივი შეშფოთების საგანი იყო. მისმა კომპანია „აგროფერტმა“ ევროკავშირისგან სუბსიდიები მიიღო, რამაც საბოლოოდ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა გამოიწვია, რომლის დროსაც ANO-ს ლიდერი ხან დამნაშავედ ცნეს, ხან კი გაამართლეს.