ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს
ლიეტუვის კულტურის მინისტრი იგნოტას ადომავიჩუსი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თანამდებობის დატოვება მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ მოსთხოვა.
ადომავიჩიუსის განცხადებით, ამას აკეთებს არა საკუთარი შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
მისი გადადგომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჟურნალისტების მიერ ყირიმის შესახებ დასმული შეკითხვა გახდა. კერძოდ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელმა მას დაუსვა შეკითხვა, თუ ვისია ყირიმი. მინისტრმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ამ შეკითხვას კულტურასთან კავშირი არ აქვს.
„დღეს ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების გათვალისწინებით, რომ არ გავანადგურო მთავრობა, არამედ დავეხმარო მას თავისი საქმიანობის გაგრძელებაში, ვტოვებ კულტურის მინისტრის თანამდებობას. მალე ჩემს განცხადებას ინგა რუგინენეს გადავცემ“, - განაცხადა ადომავიჩიუსმა.