ალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხდენია. ამის შესახებ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტიდან შვიდი თვე გავიდა, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ოფიციალური პირებიც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი მომხდარის შესახებ. კითხვა ასეთია - რატომ არ დგამენ ისინი უბრალოდ იმ ნაბიჯს, რომელსაც ნებისმიერი მეზობელი გადადგამდა?“, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნები სრულიად ლოგიკურია.
„ჩვენი მოთხოვნები სრულიად ლოგიკურია: აღიარონ დანაშაული და დაისაჯონ ისინი, ვინც თვითმფრინავი ჩამოაგდო და უზრუნველყონ კომპენსაციის გადახდა გარდაცვლილთა ოჯახებისთვის“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.