Loading data...
ალ-შარაა: ტრამპი მხარს უჭერს დამასკოს პოზიციას სირიიდან ისრაელის გაყვანასთან დაკავშირებით და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებს ამ საკითხის გადასაწყვეტად

სირიას ისრაელთან შეთანხმების მიღწევამდე „საკმაო მანძილი აქვს გასავლელი“. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ის პირველი სირიელი ლიდერი გახდა, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა.

„საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, ისრაელი უნდა დაბრუნდეს 8 დეკემბრამდე არსებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მან, რითაც მიანიშნა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის თარიღსა და ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში და მის ფარგლებს გარეთ ისრაელის ერთდროულ წინსვლაზე და დაადასტურა, რომ ორივე მხარე „პირდაპირ მოლაპარაკებებში“ არიან ჩართულები. 

შარაა ამტკიცებს, რომ ისრაელის სირიაში შეჭრა „ექსპანსიონისტური ამბიციებით“ არის განპირობებული და არა უსაფრთხოების საკითხებით.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დროს მიანიშნა, რომ ის მხარს უჭერს სირიის პოზიციას ისრაელის გაყვანასთან დაკავშირებით და „რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებს ამ საკითხის გადასაწყვეტად“.

„ისრაელი ყოველთვის აცხადებდა, რომ სირიის გამო შეშფოთებულია, რადგან ეშინია იმ საფრთხეების, რომლებსაც ირანის მილიცია და „ჰეზბოლა“ წარმოადგენენ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ეს ძალები სირიიდან განდევნა“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

შარაას თქმით, ისრაელის მოთხოვნები დამასკოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ არაგონივრულია, რადგან ეს ქაოსს გამოიწვევს.

„თუ ეს დემილიტარიზებული ზონა ზოგიერთმა მხარემ ისრაელზე დარტყმის სასტარტო პლატფორმად გამოიყენა, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?“, - აღნიშნა მან.

„ისრაელმა გოლანის მაღლობები ისრაელის დასაცავად დაიკავა და ახლა ისინი სირიის სამხრეთით პირობებს აწესებენ გოლანის მაღლობების დასაცავად. ასე რომ, რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა, მათ სირიის ცენტრი დაიკავონ სირიის სამხრეთის დასაცავად. ისინი ამ გზით მიუნხენამდე მიაღწევენ“, - განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.