ახლო აღმოსავლეთის ომის გამო, ავიასაწვავი 70%-ით გაძვირდება, გლობალური ავიაციის ხარჯი კი 100 მილიარდი დოლარით გაიზრდება - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია
„მიმდინარე წელს მსოფლიო ავიაციის სექტორს საავიაციო საწვავის გაძვირების გამო დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევს. ეს გამოწვეულია ნავთობის ფასების მკვეთრი გაძვირებით, რაც ირანში მიმდინარე ომის ფონზე მოხდა“, - აღნიშნულის შესახებ Independent-ი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ასოციაციის ხელმძღვანელის უილი უოლშის განცხადებით, ავიასაწვავის საშუალო ფასი 2026 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70%-ით ძვირი იქნება.
„როდესაც მარტში ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, ნავთობის ფასები გაიზარდა და თვითმფრინავის საწვავის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ჩვენ ველით, რომ თვითმფრინავის საწვავის საშუალო ფასები წლიურად 70%-ით გაიზრდება“, - განმარტა უილი უოლშმა.
როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში აცხადებენ, მგზავრების 86% ავიაბილეთების ფასების ცვალებადობას ნავთობის ფასების შესაბამისად ელის.
ამავდროულად, გამოკითხული მოგზაურების თითქმის ნახევარი პროგნოზირებს, რომ წელს მოგზაურობაში მეტს დახარჯავენ.
უოლშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთული წელი განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ავიაკომპანიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან Covid პანდემიის შედეგებს.