The Atlantic: უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება მოიპოვოს
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ სწრაფი მშვიდობის დამყარების იმედები არ გამართლდა, თუმცა უკრაინის სტრატეგია გამოფიტვის ომში მოულოდნელ შედეგებს აჩვენებს. მოწინააღმდეგის მუდმივი დანაკარგები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ადაპტაცია გრძელვადიანი გამარჯვების შესაძლებლობებს ქმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine გამოცემა The Atlantic-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით სწრაფ წინსვლას იმედოვნებდა, თუმცა ძირითადი ქალაქები და ლოჯისტიკური კვანძები კიევის კონტროლის ქვეშ რჩება.
გამოცემის ჟურნალისტმა რობერტ ფორსაით უორთმა, რომელმაც უკრაინული პოზიციები მოინახულა, აღნიშნა, რომ რუსების რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, გამაგრებული ტერიტორიების ხელში ჩაგდების მათი მცდელობები ხელშესახებ შედეგებს არ იძლევა.
უკრაინელმა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ აგრესორის შეტევის შეკავების გასაღები შეზღუდული რესურსების ეფექტური გამოყენებაა. ბრძოლის ველზე გამოიყენება დრონები, ზუსტი საარტილერიო დარტყმები. ძალების როტაცია და საბრძოლო ოპერაციების ფრთხილად დაგეგმვა ხელს უწყობს პირდაპირი შეტაკებების თავიდან აცილებას და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანას.
გამოცემის ჟურნალისტის თქმით, ცხრა თვის წინ სიტუაცია კრიტიკულად გამოიყურებოდა: უკრაინის შეიარაღება ჩამორჩებოდა რუსეთისას და რუსული ძალები წინ მიიწევდა. ახლა ჟურნალისტი უკრაინის თავდაჯერებულობაზე საუბრობს: უკრაინა თავის ინსტიტუტებს ხანგრძლივი ომისთვის ადაპტირებს, გამოცდილებიდან სწავლობს და მოწინააღმდეგისთვის მუდმივი დანაკარგების მიყენებას აგრძელებს, ამავდროულად ამცირებს საკუთარ რისკებს. ეს ტრანსფორმაცია აჩვენებს, რომ დრო, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს თამაშობს, შესაძლოა, თანდათან უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს.