სოხუმში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სტალინის აგარაკების გაყიდვა იგეგმება
სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული იოსებ სტალინის აგარაკების გაყიდვა იგეგმება. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
როგორც ე.წ. სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსმა ბესლან კვიცინიამ განაცხადა, მსგავსი ინფორმაცია პრაქტიკულად ყოველწლიურად ვრცელდება, მაგრამ ეს ობიექტები გაყიდვას არ ექვემდებარება.
„გასულ წელს ამავე დროს საუბარი იყო რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე. შარშანწინ კი წერდნენ, რომ ახალ ათონში მდებარე აგარაკი იყიდება. ამჟამად გადაერთვნენ სტალინის აგარაკზე მიუსერაში. ხვალ ალბათ კიდევ რამეს მოიფიქრებენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მათი გაყიდვა შეუძლებელია. ეს კანონით არის აკრძალული“, - განაცხადა ბესლან კვიცინიამ.
კვიცინიამ განაცხადა, რომ სტალინის აგარაკი მიუსერაში ამჟამად ნაწილობრივ ფუნქციონირებს, რადგანაც იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.