სოხუმში აეროპორტის თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ

ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
დაკავებული საინჟინრო კომპანიის თანამშრომელია და ის ტერაქტის მოწყობას უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით გეგმავდა. ოპერაცია სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს.
„ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან იყო დაკავშირებული. ის უცხოეთის სპეცსამსახურს თანამშრომლობაზე დათანხმდა და სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტის ორგანიზებას ცდილობდა“, - წერია ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული ტერაქტის განხორციელებას ივნისში აპირებდა, რასაც „დიდი რაოდენობით მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა“.
გამოძიება იუწყება, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დაკავებულმა აეროპორტის საინჟინრო გეგმა მოიპოვა და ის უკრაინის დაზვერვას გადასცა, ხოლო გეგმაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების ადგილები მონიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.