Loading data...
ოჩამჩირის ცენტრში გველები და ტურები გვხვდება, სახლები ცარიელია - ოჩამჩირის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი

ოჩამჩირის რაიონიდან და მთლიანად, აღმოსავლეთ აფხაზეთიდან მოსახლეობის მასიური გადინება შეინიშნება, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში რეგიონს ტოვებს. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან გაფართოებულ შეხვედრაზე ოჩამჩირის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან ბიგვავამ განაცხადა, ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებებს ეხებოდა. ბიგვავა ამბობს, რომ ქალაქ ოჩამჩირის ცენტრშიც კი შეიძლება შეგხვდეს გველები, ტურები და ყველგან არის დაცარიელებული სახლები.

„ჩვენს რაიონში არ არის საბავშვო ცენტრები, კინოთეატრები, ნორმალური რესტორნები. ეს ინვესტორების არარსებობის გამო არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ არ არის მოსახლეობა, რომელიც ამით ისარგებლებს. მე მხარს ვუჭერ აპარტამენტების პროექტს, რადგანაც ჩვენი რაიონი უნდა გამოვაცოცხლოთ. გვყავს მსხვილი მიწათმოქმედები, რომლებიც არც მიწას იყენებენ და არც გადასახადს იხდიან. მათთან სასამართლო პროცესები გაიმართება, რათა ეს მიწები დავიბრუნოთ“, - განაცხადა ბესლან ბიგვავამ.

დე ფაქტო გამგებლის თქმით, მოსახლეობას ამ რაიონებში ელემენტარული რამე - გზა, წყალი, შუქი სჭირდება. ბიგვავა ამბობს, რომ მოსახლეობას ფუჭი დაპირებებით ვერ დააკმაყოფილებ და, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, ეს რაიონები დაცარიელდება.