Loading data...
ბადრა გუნბამ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკას“ დაარსების 35 წლის იუბილე მიულოცა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკას“ დაარსების 35 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

ბადრა გუნბას მისალოცი წერილი ტირასპოლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე წაიკითხეს.

„დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო! აფხაზეთის მოსახლეობის და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ რესპუბლიკის დაარსების 35-ე იუბილე! ეს ღირსშესანიშნავი თარიღი არის თქვენი სიმამაცის, სიმტკიცის, თავისუფალი განვითარების და თვითგამორკვევისთვის ბრძოლის სიმბოლო. ჩვენს რესპუბლიკებს საერთო ბედი, ფასეულობები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სურვილი აერთიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება და განმტკიცდება ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას“, - წერს ბადრა გუნბა მისალოც წერილში.