ალექსანდრე სირსკი: რუსებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ბრძოლები კიდევ ორში მიმდინარეობს
უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიური თავდაცვის პრინციპით აგრძელებენ მოქმედებას. მოწინააღმდეგე ამჟამად ყველაზე მეტ ძალისხმევას პოკროვსკის მიმართულებით ახორციელებს, თუმცა ის, ასევე, გააქტიურდა ზაპოროჟიეს რეგიონში, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ.
„მოწინააღმდეგე ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკში. ბრძოლების დაახლოებით 40 პროცენტი იქ მიმდინარეობდა. დამპყრობელი მუდმივად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს იქ“, – განაცხადა სირსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რთულ პირობებში მყოფი უკრაინული დანაყოფები იგერიებენ თავდასხმებს უმეტესი მიმართულებით და აგრძელებენ დარტყმის ოპერაციებს გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით კუპიანსკის და სევერსკის რაიონებში.
სირსკის თქმით, რუსმა ჯარებმა გააძლიერეს აქტივობა ზაპოროჟიეს რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ალექსანდრივკასა და გულიაიპოლეს მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„მოწინააღმდეგემ, ძალებისა და აღჭურვილობის რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით, სასტიკი ბრძოლებით წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო, ბრძოლები კიდევ ორში მიმდინარეობს“, - აცხადებს სირსკი.
გენერალმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მიწის ყოველი მეტრი რუსეთს ასობით სამხედროს სიცოცხლეს უჯდება. მან დასძინა, რომ რუსებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 800 სამხედრო და ასზე მეტი სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა დაკარგეს.