თამარ იოსელიანი: თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხელშესახები შედეგია
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 2 დეკემბრიდან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ისე ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყება რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხელშესახები შედეგია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების შესახებ. ეს ცალსახად ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის დარგების დაახლოებას, რასაც ავიაკომპანია Air China-ს მიერ ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყებაც ადასტურებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
პეკინსა და თბილისს შორის ავიაკომპანია Air China-ს მიერ რეგულარული პირდაპირი ფრენები 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.