Loading data...
თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი 2 დეკემბრიდან უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.

„თბილისი - ურუმჩი, ცხადია, კომერციულ მარშრუტად რჩება, თუმცა დაემატება პეკინის კომპონენტი. მგზავრები კომფორტულად შეძლებენ თბილისიდან პეკინში და პირიქით მგზავრობას. ეს ნიშნავს, რომ ქალაქ ურუმჩიში გაკეთდება ერთი გაჩერება და მგზავრები შემდგომ უკვე პირდაპირ პეკინში ჩავლენ. რაც მნიშვნელოვანია, მგზავრებს არ მოუწევთ ბორტის დატოვება და არც შესაბამისი სხვა პროცედურების გავლა, ანუ ორ დედაქალაქს შორის მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიამიმოსვლის თემაზე საუბრისას თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შედეგია. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მემორანდუმზე „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების შესახებ, რომელსაც ხელი საქართველოს მთავრობის დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოეწერა და რომელიც სამოქალაქო ავიაციის სექტორში ლიბერალურ პრინციპებზე აგებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან იმისთვის, რომ გავაორმაგოთ და ხელშესახები შედეგები დავდოთ როგორც მგზავრთნაკადის, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის პირველ ცხრა თვეს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, მგზავრთნაკადის კუთხით 81%-იანი ზრდა გვაქვს - მხოლოდ Air China-მ დაახლოებით 25 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ტენდენცია ძალიან ჯანსაღია სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიმართულებით 2026 წლისთვის ხელშესახებ შედეგებს დავდებთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამოქალაქო ავიასექტორში ჩინეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია - ავიაკომპანიები საქართველოს ბაზრით თავად ინტერესდებიან. შესაბამისად, მთავრობა დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების როგორც სიხშირეების, ისე მიმართულებების დამატების კუთხით.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ჩვენს აეროპორტის ოპერატორებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.