მარიამ ქვრივიშვილი: მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, საქართველო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი უმნიშვნელოვანესია მასში ჩართული თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. პროექტის განხორციელებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნულ პროექტს ექნება უდიდესი როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გადამცემი ხაზით საქართველო და ევროპა ერთმანეთს დაუკავშირდება.
„ამით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს გაზრდის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია.
„ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გვქონდეს მეტი შიდა გენერაცია, რათა უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა და გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველო კი გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მე-11 მინისტერიალში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, სემეკის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.