მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობაა
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, დარგში მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.
„ჩვენი მიზანია, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით, მათ შორის ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით, უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ჰიდროენერგეტიკულ ბაზასთან ერთად, საქართველო განახლებადი ენერგიის რეგიონული ცენტრი გახდეს“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგიის შენახვის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია ტენდერები 200 მგვტ/სთ-ზე გათვლილი ბატარეის პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებს სისტემის საიმედოობას და მოქნილობას.
ამავდროულად, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აშენებს ევროპული სტანდარტების ახალ გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რომლებიც გააძლიერებს ქსელის საიმედოობას და ხელს შეუწყობს ახალი განახლებადი სიმძლავრის ეფექტურ ინტეგრაციას.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან, რაც აქტიურად ხორციელდება.
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, ასევე, აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.