Loading data...
გიორგი აბაშიშვილი: თბილისსა და პეკინის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ორი ქვეყნის მეტი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, სადაც ბევრი საკითხი იქნა განხილული, რომელიც ორი სტრატეგიული პარტნიორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს და ხელს შეუწყობს, თუმცა ვნახეთ ძალიან სწრაფი და კონკრეტული ხელშესახები შედეგიც - სწორედ ეს იყო საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა“, - ასე გამოეხმაურა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის Air China მიერ საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის დაიწყება.

პირველი რეისი 2025 წლის 2 დეკემბერს თბილისსა და პეკინს შორის შედგება.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დღეს ასე დინამიურად ვითარდება და იზრდება, პირდაპირი ფრენები ამის განსაკუთრებით ხელშემწყობია.

„ამ სამუშაოს უკან ალბათ ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა იდგა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა ჩინეთში ეს პროცესი დააჩქარა და სულ რამდენიმე დღეში ჩვენ კონკრეტული შედეგი ვნახეთ. ამ დინამიკას, რომელიც დღეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვითარდება, ნამდვილად სჭირდებოდა მეტი ხელშეწყობა, რაც არის კიდეც პირდაპირი ფრენები.

საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ტურიმზზე. ეს არის ორი ქვეყნის მეტი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი,“ - აღნიშნა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.