"უკვე რამდენიმე ათეული წელია სამუზეუმო სფეროს დაუკავშირდა ჩემი საქმიანობა, რაც თავი მახსოვს სულ ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვიდექით, ჩვენი ქვეყნიდან უსისტემოდ და უმისამართოდ გაჰქონდათ უნიკალური ნივთები, ხელოვნების ნიმუშები... 90 იანი წლების გაჭირვების დროს კი ჩვენმა ხალხმა ბედუკუღმართობის გამო კაპიკებში გაყიდა უნიკალური ნივთები... სულ ასე მახსოვს, სულ ასე იყო...
უკვე მეორე წელია კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია, უცხოეთში ათწლეულების წინ გასხვისებული თუ განიავებული ნივთების დაბრუნებაზე ვერც კი რომ ვიოცნებებდი, ის დაუჯერებელი პროცესი დაიწყო და შედეგიც სახეზეა.... დიახ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოში დაბრუნდა 1920-იან წლებში გრაფისეული კოლექციიდან გაყიდული გამორჩეული ექსპონატი. აქვე ვიტყვი: ამ პერიოდში ე.წ საბჭოთა აუქციონებზე, რომელსაც „კოლექტივის დუქანს“ ეძახდნენ არაერთი ნივთი გაიყიდა, მათ შორის იყო ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი უნიკალური ნივთები, რომელიც ბაქოელმა მუშამ სულ რაღაც 30 მანეთად შეიძინა...
ახლა კი საქართველოში დაბრუნებულ ექსპონატს დავუბრუნდეთ.. ეს არის ადრეული იტალიური რენესანსის შესანიშნავი წარმომადგელის იაკობო დელ სელალიოს ბრწყინვალე ნამუშევარი. XV საუკუნის ეს ფლორენციელი დიდოსტატი ბოტიჩელის, ფილიპინო ლიპის და დომენიკო გირლანდაიოს მხატვრული ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება. დიახ იტალიური რენესანსის წარმომადგენლის ეს ბრწყინვალე ტილო უკვე საქართველოს კუთვნილებაა. ამ დონისა და პერიოდის მხატვრის ნამუშევარი მანამდე ჩვენს ეროვნულ კოლექციებში არ ინახებოდა", - წერს გიოგი კალანდია.
იგი აქვე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წელს საქართველოში არაერთი შედევრი დაბრუნდა:
"მათ შესახებ გზადაგზა მოგიყვებით, გრანდიოზულ პრეზენტაციასა და გამოფენას კი გაზაფხულის ბოლოს უფლისწულის სასახლეში, ზუგდიდში გამართულ დროებით გამოფენაზე შემოგთავაზებთ".
