53 წლის გოჩა ტუფურიას ცხედარი, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოჯახის თხოვნით დაასვენეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მავთულხლართების გამო ხიდის მეორე მხარეს, ენგურს აქეთ მყოფ ნათესავებს მისი დატირება შესძლებოდათ.
მოსახლეობა ითხოვს, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მაინც ჰქონდეს ენგურს იქით გადასვლის უფლება.
როგორც "იმედის კვირიდან" გაირკვა, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან ვინც დაზიანებულ რკინის კონსტრუქციაზე რამდენიმე მეტრის გავლას გაბედავს რუსი სამხედროები ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის უკანონო ბრალდებით აკავებენ.
ასეთი ისტორიები იშვიათი არ არის. მავთულხლართების გამო სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ადამიანებს ერთმანეთისთვის მისამძიმრება ხშირად ტელეფონით უწევთ. ასე მიუსამძიმრა შვილს, მეუღლის გარდაცვალება ნანა კემულარიამ. 65 წლის ქალს, რომელიც 25 წელია დევნილია, სიძის გასვენებაში წასვლის შესაძლობლობა მავთულხლართების გამო შეეზღუდა.
გოჩა ტუფურიას გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს ისევ ხიდზე, ისევ ერთი ჭიქა ღვინით და ისევ შორიდან თქვა შესანდობარი ჭირისუფალმა.
ადგილობრივი მცხოვრები ემზარ ხაზალია, აფხაზეთში ჩასვლაზე ოცნებობს - იქ, სადაც ნათესავები და უპატრონოდ დარჩენილი საფლავებია. ოკუპაციამ სოფლის ნაწილს საფლავები, ნაწილს, კი ნათესავები დააკარგვინა.
"მოვდივართ, შორიდან დავტირით, ერთი ჭიქა ღვინით შესანდობარს ვიტყვით, როდემდე იქნება ეს ამბავი, არ ვიცი", - ამბობს ემზარ ხაზალია.
91 წლის მოხუცი არველოდ ნაჭყებია ყოველ დღე გაჰყურებს მიწას, რომელიც საქართველოსია. ის ხურჩის ე.წ. საზღვართან ცხოვრობს, მას ნათესავები გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ჰყავს, რომლებიც წლებია არ უნახავს. ყველაზე მეტად მეუღლის საფლავი ენატრება, რომელიც მავთულხლართებშია მოქცეული. 6 წელია ყოველ დღე მიდის ხელოვნურ საზღვართან იმ იმედით, რომ ერთ დღეს ოკუპანტის მავთულხლართი აღარ დახვდება.
ენგურის წყალზე, ოტობაია-ორსანტიას ე.წ. საზღვართან სათევზაოდ ადგილობრივები თითქმის ყოველ დღე დადიან. ახლა ტოფის სეზონია. თევზაობა, რუსული საგუშაგოს წინ რთულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც რუსი ოკუპანტები მეთევზეებს უკანონოდ, მათ მიერვე გავლებული ე.წ. საზღვრების გარეთაც აკავებენ.
"ყველაზე მეტად მინდა თავისუფლება, გზა, რომ იყოს გახსნილი, ეს საქართველოა, რუსეთი, რომ იყოს გასაგებია. ჩემს ქვეყანაში არ მიშვებ, ამაზე ცუდი რა უნდა იყოს?", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ტრისტან ხუბუა.