"საქართველოს მიერ დეკლარირებული "კეთილი ზრახვების" მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს",
- ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში რუსი დიპლომატის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმდჯომარის შეხვედრას.
რუსული მხარე გაეროში წარდგენილ რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულებს შეეხებათ. მოსკოვი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნითაც უკმაყოფილოა.
ბრიუსელში ნატოს სამიტი უნდა ჩატარდეს.
თბილისში ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სია შედგა, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას დაერთვება. მათ, ვინც 33-კაციან სიაში მოჰყვა, სავარაუდოდ, ანგარიშებს გაუყინავენ, მათზე არც შენგენის ზონის ვიზები გაიცემა. მსჯავრდებულებზე კი, გამორიცხული არ არის, ინტერპოლმა ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადოს. სიის შემადგენლობის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა.
ცხინვალში საპასუხო სიაზე ალაპარაკდნენ, თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე პრეტენზიები გამოთქვეს, რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს.
აშშ-ს კონგრესში შემუშავებულ ორპარტიულ რეზოლუციაში რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაა დაგმობილი და საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშად დამრღვევების მიმართ სანქციების მხარდაჭერას გულისხმობს.