მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში საქორწინო ხელშეკრულება ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. დღეს წყვილები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ საქორწინო ხელშეკრულებაზე, თუმცა საბოლოოდ, ამას მხოლოდ მათი ძალიან მცირე ნაწილი აფორმებს.
რას წარმოადგენს საქორწინო ხელშეკრულება და რამდენად საჭიროა იგი? – საქორწინო ხელშეკრულების მნიშვნელობასა და თავისებურებებზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძეს ვესაუბრეთ:
- რა არის საქორწინო კონტრაქტი?
საქორწინო კონტრაქტი არის განქორწინების თავიდან აცილების ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელსაც ქართველი მენტალობიდან გამომდინარე ნაკლებად იყენებდნენ მოქალაქეები, თუმცა, უკვე მიმართვენ ამ ინსტიტუტს. განქორწინება, ცხადია, მძიმე და რთული ფსიქოლოგიური პროცესია, მაგრამ მას ახლავს ყოფითი პრობლემებიც, ვთქვათ სად იცხოვრებს მეუღლე, რომელიც ოჯახიდან წამოვიდა, როგორ განაწილდება ქონება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც წყვილებს შორის აღარ არსებობს აღარც სიყვარული, აღარც პატივისცემა, მაგრამ ამ ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობის გამო, ერთ-ერთი მათგანი იძულებულია დარჩეს ოჯახში საკუთარი სურვილის გარეშე. ალბათ ყველას გაგვიგია ასეთი ფრაზები: სად უნდა წავიდეს ბავშვებიანი ქალი, როგორ უნდა არჩინოს ქმრის გარეშე შვილები. ამ მიზეზეით შენარჩუნებულ ოჯახებში ხშირია ძალადობის შემთხვევები, როგორც მეუღლეებზე, ისე ბავშვებზე, რაც ცხოვრებას და ფსიქიკას უმახინჯებს ურთიერთობის მონაწილეებს, განსაკუთრებით - ბავშვებს და ხანდახან ტრაგიკულადაც კი მთვარდება. იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ, საუკეთესო საშუალებაა საქორწინო კონტრაქტის გაფორმება.
საქორწინო კონტრაქტის არსებობა 2000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად, ეს იყო ზეპირი გარიგებები დაქორწინებულ პირებს შორის. შუა საუკუნეებიდან კი მან მიიღო წერილობითი ფორმა. ეს, პირველ რიგში, ეხებოდა შემთხვევებს, როდესაც ქალს მიწის ნაკვეთი ეძლეოდა მზითვად.
- საქორწინო კონტრაქტზე საუბრისას ხშირად გაიგებთ, რომ ქორწინება სიყვარულზე უნდა იყოს დაკავშირებული და მას არაფერი აქვს საერთო საქმიან ურთიერთობასთან, ან რომ ქორწინებისას წყვილი შესაძლო განქორწინებაზე არ უნდა ფიქრობდეს. აქედან გამომდინარე, რამდენად ხშირად დებენ წყვილები საქორწინო ხელშეკრულებას?
საქართველოში საქორწინო კონტრაქტი მართლაც არ არის ხელშეკრულების გავრცელებული ტიპი, თუმცა, ინტერესი ამ ინსტიტუტისადმი მზარდია. საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება, ცხადია, არ გამორიცხავს სიყვარულს მეუღლეებს შორის და არ ნიშნავს განქორწინებისთვის მზადებას. პირიქით, ის საკუთარი და ერთმანეთის მომავალზე ზრუნვის გამოხატულებაა. რაც შეეხება განქორწინებას - წყვილი შეიძლება დაშორდეს იმის მიუხედავად, არის თუ არა მათ შორის გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი. შეიძლება არსებობდეს საქორწინო ხელშეკრულება და მეუღლეები არასდროს განქორწინდნენ, ან პირიქით, არ არსებობდეს ასეთი კონტაქტი და მეუღლეები დაშორდნენ. საქორწინო ხელშეკრულების ფუნქციაა, განქორწინების შემთხვევაში, მხარეები დააზღვიოს პრობლემური და მტკივნეული დავებისაგან. დაიცვას ყოფილი მეუღლეების და, აქედან გამომდინარე, მათი შვილების ინტერესები.
- როგორ უნდა გაფორმდეს საქორწინო კონტარქტი?
პირველ რიგში, საქორწინო კონტრაქტი შეიძლება დაიდოს მხარეებს შორის როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების შემდეგ ნებისმიერ დროს. თუ ქორწინებამდე იდება ხელშეკრულება, ეს ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და ითვლება, რომ ეს არის პირობით დადებული გარიგება, რადგან ეს დამოკიდებულია პირობაზე, რომ მხარეები დაქორწინდებიან.
კონტრაქტი უნდა იყოს წერილობითი და სანოტარო წესით უნდა იყოს დადასტურებული. როდესაც საქორწინო კონტრაქტს დადებენ მხარეები, აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში, სხვაგვარად მარეგისტრირებელ ორგანოს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის არის ქონების განაწილების მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესი. ნებისმიერი ცვლილება ან შეწყვეტაც უნდა იქნეს რეგისტრაციისთვის წარდგენილი - ან საჯარო რეესტრში, ან იუსტიციის სახლში და დაარეგისტრირონ როგორც შეწყვეტა, როგორც ცვლილება. ყველა წყვილს ვურჩევდი, რომ დადონ თავისუფლად ეს ხელშეკრულება, თავიანთი ნება გამოხატონ ამ საქორწინო კონტრაქტებით და დაიცვან თავი მომავალში არასასიამოვნო დავებისაგან.
- რა საკითხებს შეიძლება ითვალისწინებდეს საქორწინო ხელშეკრულება?
ქართული კანონმდებლობით ის მხოლოდ ქონებრივ უფლება-მოვალეობებს ითვალისწინებს. ეს ეხება როგორც უკვე არსებულ ქონებას, ასევე ქონებას, რომელსაც წყვილი მომავალში შეიძენს. ასეთ ხელშეკრულებაში უპირველესად დაცულია ინტერესთა ბალანსი. დაუშვებელია, რომ რომელიმე მხარე იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, დაიჩაგროს. ამ ხელშეკრულებას არ აქვს არავითარი კავშირი მემკვიდრეობასთან.
- როგორია საქორწინო კონტრაქტის სტატისტიკა?
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად... თუმცა, სტატისტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ეს მზარდია. 2009 წელს თუ იყო სულ 15 საქორწინო კონტრაქტი დამოწმებული, 2018 წელს დამოწმდა 45 საქორწინო კონტრაქტი. რიცხვი თითქოს დიდი არ არის, მაგრამ სახეზეა 200%-იანი მატება.
ინტერესი საქორწინო ხელშეკრულების მიმართ უფრო მაღალია - ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მოდიან და იღებენ კონსულტაციას საქორწინო ხელშეკრულების შესახებ, მაგრამ შემდეგ კონტრაქტს აღარ აფორმებენ.
- რამდენად არის შესაძლებელი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა?
ხელშეკრულების შესაწყვეტად აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. ცალმხრივი გასვლა ხელშეკრულებიდან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.
რაც შეეხება გაუქმების სტატისტიკას, 2009 წლიდან დღემდე გაუქმებულა 5 კონტრაქტი, კიდევ ორში კი განვახორციელეთ ცვლილება.
- როგორც ვიცი, საქორწინო კონტრაქტი ნებაყოფლობითია. არის თუ არა შემთხვევები, როდესაც მისი გაფორმება შეიძლება სავალდებულო იყოს?
დიახ, მხარდაჭერის მიმღები პირისათვის საქორწინო კონტრაქტის გაფორმება აუცილებელია. სასამართლო მხარადმჭერს უწესებს პირს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობებში მიიღოს გადაწყვეტილებები და ამისათვის ესაჭიროება დახმარება, მხარდაჭერა.
ეს არის სიახლე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. კანონით დადგინდა, რომ თუ პირი არის მხარდაჭერის მიმღები, მან აუცილებლად უნდა დადოს საქორწინო კონტრაქტი ქორწინებამდე. ანუ კანონი ავალდებულებს ასეთ პირს და მხარდამჭერს რომ ქორწინებამდე დადებულ იქნას ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში კონტროლს, ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
მარიკა გოგოლაძე
2017 წლიდან დღემდე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე
2014-2017 წწ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
1994 წლიდან - ნოტარიუსი
სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო, ტექნიკურ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებში
არის წიგნის ,,სანოტარო სამართლის" I და II ნაწილების თანაავტორი