ინტერვიუ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან
- ბატონო დავით, მიმდინარე წლის 19 ივნისს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესული არალეგალები დაპატიმრებას უნდა დაექვემდებარონ. გაქვთ თუ არა სტატისტიკური მონაცემები აშშ–ში მყოფი ქართველი არალეგალების რაოდენობის თაობაზე და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ?
- აშშ-ში მიგრაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციაა და 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შევიდა საქართველოს 11130 მოქლაქე (მათ შორის მოკლევადიანი ვიზით (B1-B2 ვიზა) - 7902 პირი, სასწავლო ვიზით - 1282, სამუშაო ვიზით - 394); საქართველოს 1635-მა მოქალაქემ მიიღო აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება; 988 პირს ნატურალიზაციის გზით მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების მოქლაქება; აშშ-დან გაძევებულ იქნა 96; 2016 წლის განავლობაში დაკავებულ იქნა 50.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წესის შესაბამისად, 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება 2018 შემოდგომაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განუხრელად დაიცვან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა. ეს ყველას ვალდებულებაა.
- აშშ–ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სასამართლომ 19 ივნისს დამნაშავედ სცნო, სასჯელის ზომას კი 21 სექტემბერს გამოაცხადებს. თავად მოკრივე აცხადებს, რომ "საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი აღარ არის", რადგან "სამშობლოს ის მაინც არ ახსოვს" (ჰტტპ://აცცენტ.ცომ.გე/გე/ნეწს/დეტაილს/56744). მოკრივეს დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მოგმართათ თუ არა მაყვალა ხურციძემ ბოლო პერიოდში და რისი თქმა შეგიძლიათ ამ საქმესთან დაკავშირებით?
- ავთანდილ ხურციძის დაკავების დღიდან საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში კომუნაკაციაშია დაკავებულთან და მის ოჯახთან. 2018 წლის 27 მარტს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც მისმა ადვოკატმა აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის საკითხი დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ივნისში გამართულ პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ სცნეს. ხურციძეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი შეუზღუდავი წვდომა აქვს როგორც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, ასევე ადვოკატთან და გენერალურ საკონსულოსთან.
- 18 ივნისს აშშ-ის სენატმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა, რომელიც 2019 ფისკალური წლისთვის ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და საბიუჯეტო პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტის თანახმად, ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების სტრატეგიას წარმოადგენს. ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დოკუმენტში საქართველოზე ჩანაწერი ასეთი მოცულობითა და ამ სახით გაჩნდა. თქვენი ინფორმაციით, რა კონკრეტულ ნაბიჯებს განიხილავს ამერიკული მხარე ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებაში და რით განსხვავდება ხსენებული დოკუმენტი წინა წლებში მიღებული მსგავსი აქტებისგან?
- ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც გამყარებულია როგორც საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერით, ისე აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონული უსაფრთხოება სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ამ მხრივ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები: ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების საქართველოსთვის მიყიდვა, მ.წ. მაისში დაწყებული "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა" (GDღP), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას, ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებსა თუ სხვას.
2018 წლის 1 აგვისტოს აშშ-ის სენატის მიერ მიღებული "აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი" (NDAA), რომელიც 13 აგვისტოს, პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში, აღნიშნული პრაქტიკული შედეგების ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია. ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია, როგორც აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორი. კანონის ქვეთავში, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება, აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვასა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს.
რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, კანონპროექტი საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგ ხედვას ითვალისწინებს:
ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის - ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას;
კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშავოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს;
დოკუმენტი ხაზს უსვამს ასევე საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოსა და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას;
და ბოლოს, დოკუმენტი ხაზს უსვამს ნატოს "ღია კარის" პოლიტიკის, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას.
- საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხი დღის წესრიგიდან ფაქტობრივად მოხსნა და რუსულ ბაზარზე აიღო ორიენტირი. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე და თუ კი, რა ეტაპზეა სადღეისოდ ისინი?
- აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაღრმავების, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობის საკითხი მუდამ აქტუალურად დგას ჩვენს ურთიერთობაში და წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს მთავრობისთვის. მაღალი დონის ყველა შეხვედრაზე ხაზგასმულია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა და საქართველოს მზაობა, როგორც ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირთან, ჩინეთთან და ყველა მეზობელთან თავისუფალი ვაჭრობის რეგიონისათვის უნიკალური პრაქტიკა აქვს. ქართული მხარის პოზიცია ფიქსირდება როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან ორმხრივი შეხვედრების, ისე არსებული პლატფორმების, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე მაღალი დონის დიალოგისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა აშშ-საქართველოს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ რობერტ ლაითჰაიზერს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით წერილობით მიმართა. აღნიშნული ორპარტიული წერილი დეტალურად აღწერს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვან როლს ამერიკული ბიზნესისთვის.
მინდა, მოგახსენოთ, რომ ქართული მხარის ინიციატივით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ შესრულდა კვლევა, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ ხელშეკრულება მომგებიანი იქნება როგორც ამერიკული, ისე ქართული ბიზნესისთვის, რაც დამატებითი არგუმენტია ამერიკულ მხარესთან საუბრისას.
ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნეს-ასოციაციები და სავაჭრო პალატები, რომლებიც, თავის მხრივ, ბიზნესის ხმას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებს აწვდენენ.
პარალელურად ღრმავდება ორმხრივი თანამშრომლობა კონკრეტულ ბიზნეს-სექტორებში, ასევე საქართველოსა და კონკრეტულ შტატებს შორის. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში სავაჭრო ტვირთბრუნვა 33.5%-ით არის გაზრდილი (ექსპორტი – 39,7%-ით, იმპორტი - 31%-ით).
- გასულ წელს რიგი კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესი ზეწოლას განიცდის. რა ინფორმაციას ფლობთ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით? მოუმართავს თუ არა ვინმეს თქვენთვის?
- საქართველოში ამერიკული კომპანიების წარმატებული მოღვაწეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმომადგენს და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს მათ საქმიანობას. საქართველო მოწინავე ქვეყანაა ბიზნესთან გახსნილობის მხრივ და ეს დადასტურებულია არაერთი კვლევით, მათ შორის – ისეთი ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ, როგორიც არის თჰე Hერიტაგე Fოუნდატიონ-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Eცონომიც Fრეედომ Iნდეხ) სადაც საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში. გარდა ამისა, საქართველო ლიდერია რეგიონში მსოფლიო ბანკის კვლევის ,,ბიზნესის წარმოება 2018" მიხედვით და 190 ქვეყანას შორის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს.
აქვე აღვნიშნავ, რომ კონგრესმენების მიერ დასმული კითხვები ერთ კონკრეტულ კომპანიას ეხებოდა და განპირობებული იყო მათთვის სხვადასხვა წყაროების მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით. მას შედეგ, რაც კონგრესმენებს საელჩოს მხრიდან მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული საკითხის თაობაზე, მათი მიდგომა ამ საკითხისადმი მეტად ობიექტური გახდა. რაც შეეხება კომერციულ გამოწვევებსა და დავებს, არსებობს სასამართლო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც სამართლიანად და ფაქტებზე დაყრდნობით შეეცდება გამოწვევის აღმოფხვრას.
საქართველოს საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან, რათა ერთის მხრივ, მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, მოიზიდოს ამერიკული კომპანიები ქვეყანაში და კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი სავაჭრო თუ საინვესტიციო ურთიერთობა.
- საქართველოში არაერთგზის გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ ფონზე, რომ ჩვენი ქვეყნის ნატო–სკენ სვლა მეზობელ რუსეთს აღიზიანებს და ამავდროულად ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით ხელშესახები პერსპექტივა, დიდი ალბათობით, არც უახლოეს წლებში გამოჩნდება, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს ამის ნაცვლად აშშ–სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე აეღო გეზი. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? ზოგადად, როგორ შეაფასებდით აშშ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების მდგომარეობას და თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რა კონკრეტულ სარგებლებს იღებს ქართული მხარე ამ თანამშრომლობით უკვე დღეს და რას მიიღებს სამომავლოდ – პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სხვა მიმართულებით?
- ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად და ეს მისწრაფება არავის წინააღმდეგაა მიმართული. ამის პარალელურად, აშშ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ეს ორი მიმართულება მხოლოდ ავსებს და არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
წლების განმავლობაში შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კი ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ხელშესახები შედეგებიც მოიტანა.
სამთავრობოთაშორისი ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით აშშ-სთან პარტნიორობის ძალიან მაღალი ხარისხი გვაქვს, რაც დღეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში გრძელდება. ეს მნიშვნელოვანი ფორმატი გულისხმობს შემდეგ მიმართულებებს: 1. თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში; 2. თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში; 3. დემოკრატიის გაძლიერება; 4. ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება.
განსაკუთრებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საკანონმდებლო დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერა ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო მზარდი ტრაექტორიით ხასიათდება, რაც საქართველოს მხარდამჭერი მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა და რეზოლუციების მიღებით გამოიხატება: მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ტექსტი აშშ-ის 5 საკანონმდებლო აქტში ჩაიდო. მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე პირველად მოხდა საქართველოს ოკუპაციის აღიარება აშშ-ის 2017 წლის საბიუჯეტო კანონში, 2018 წლის კანონში კი ეს განმეორდა; საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ხაზი გაესვა აშშ-ის ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2017 და 2018 წლის საკანონმდებლო აქტებშიც; სანქციების გამკაცრების მიზნით "ჩოუნტერინგ Aმერიცა"ს Aდვერსარიეს ტჰროუგჰ შანცტიონს Aცტ" კანონი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
მსგავსი - უპრეცედენტოდ მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან იღებს სათავეს და წლების მანძილზე სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის საპასუხოდ განსაკუთრებით მსხვილმასშტაბიანი პროგრამები დაიგეგმა, რამაც ცალსახად შეუწყო ხელი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სტანდარტების შესაბამისად გაძლიერებას და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის სისტემაში საქართველოს ჩართვას.
2016 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, 2016 წლის დეკემბერში კი მას მოჰყვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება უსაფრთხოების დარგში 2016-2019 წლებში თანამშრომლობის შესახებ. ამ დოკუმენტების შედეგად აშშ-მა ახალი - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა" (Gეორგია Dეფენსე ანდ ღეადინესს Pროგრამ/GDღP) წამოიწყო, რომლის მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება და სტრატეგიული მზადყოფნისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის ნაწილი წარმოადგენს სამწლიან პროექტს, რომელიც 2018 წლის მაისში დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ასევე, 2017 წლის მაისში აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების დარგში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, ისევე, როგორც თანხმობა "ჯაველინების" ჩვენთვის მოყიდვაზე.
საერთო ჯამში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის პერსპექტივით კიდევ უფრო მეტად ვითარდება. საელჩომ გაააქტიურა თანამშრომლობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, კომერციის დეპარტამენტთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და სხვა უწყებებთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ის უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIჩ) 1995 წლიდან საქართველოში $500 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, წარმატებით რეალიზებული პროექტების კვალდაკვალ, 2017 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი ლიმიტი გააორმაგა კიდეც და, ამასთანავე, ქვეყანა პრიორიტეტულ სახელმწიფოთა ნუსხაში შეიყვანა.
აშშ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამასთანავე, ვფიქრობთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანდათანობით კიდევ უფრო გაღრმავდება და მოკავშირეობის რანგში აიწევს.
- საქართველომ MAP-ი ვერც ამჯერად მიიღო. რიგი ანალიტიკოსებისა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში შესაძლებელია, მორიგი უარი დაბალანსდეს საქართველოსთვის მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით. თუმცა ეს აშშ-ის პრეროგატივაა. თუ მიდის ამ თემაზე საუბარი?
- ნატოსთან ინტეგრაციისა და წევრობის გზაზე MAP-ი არ არის პრაქტიკული ინსტრუმენტი საქართველოს მოსამზადებლად, როგორც ეს იყო სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში. საქართველოსთან დაკავშირებით ნატო ამბობს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, შესაბამისად, MAP-ი საბოლოო, პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება მხოლოდ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, რაშიც ასევე მხარს გვიჭერს შეერთებული შტატების ხელისუფლება.
რა საკვირველია, ნატოს წევრობა მოკავშირეობას გულისხმობს. ამასთანავე, აშშ-ს რამდენიმე სახელმწიფოსთან მოკავშირეობა ორმხრივ ფორმატშიც აქვს. ეს ფორმატები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენი მიზანია, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაკავშირებს, გადაიზარდოს სტრატეგიულ მოკავშირეობაში და ამ გზაზე ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ.
- რიგი ექსპერტები და პოლიტიკოსები თვლიან, რომ ბრიუსელიდან ამჯერად, ომისშემდგომი 10 წლის განმავლობაში პირველად, "ზუსტი ნული წამოვიღეთ" და ამის ერთ–ერთ მიზეზად მიიჩნევენ იმას, რომ თავად საქართველოს ბრიუსელში არანაირი წინადადებები, არანაირი გეგმა არ წაუყოლებია. თქვენი ინფორმაციით, ჰქონდა თუ არა ქართულ დელეგაციას რაიმე კონკრეტული ახალი წინადადებები და თუ ჰქონდა, რაში მდგომარეობდა ისინი?
- საქართველოსთვის უაღრესად ფასეულია ალიანსის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელის სამიტზე. გარდა ამისა, წელს პირველად გაიმართა სამიტი სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით. ასევე პირველად, სამიტზე უმაღლეს დონეზე იქნა განხილული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი. ასეთი შეხვედრის სამიტის დონეზე გამართვა წარმოადგენს თვალნათელ დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობა ალიანსისთვის დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.
სამიტზე მოხდა საქართველოს მიერ მრავალი მიმართულებით (დემოკრატიული განვითარება, თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია, ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლება, ნატოში ინტეგრაციის გაღრმავება და სხვა) მიღწეული პროგრესის აღიარებაც. ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე პირველად იქნა მიღებული. ამასთანავე, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.
გავიმეორებ საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებას: რა მოლოდინებიც გვქონდა აღნიშნული სამიტიდან, ყველა შესრულებულია: საქართველო უმაღლეს ფორმატში იყო წარმოდგენილი და მიღებული დეკლარაცია უპრეცედენტოა, რადგან მანამდე ჩვენ არ გვქონია დოკუმენტი, რომელიც მიღებული იყო ნატოს სახელმწიფო მეთაურების დონეზე, დღეს კი ჩვენ ის გვაქვს.
- თუ წინა წლებში მუდმივად გვესმოდა დაპირება, "განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნატოში აუცილებლად მიგიღებთო", ბოლო ორი წელია, აღარ გვიმალავენ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ბარიერი აქ წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობაა. თქვენი აზრით, რამ შეიძლება, შეცვალოს ამ კუთხით არსებული ვითარება? აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი თავად თბილისს ამ მდგომარეობის შესაცვლელად და რა უნდა მოიმოქმედოს საამისოდ? აშშ–ს, როგორც გავლენიან სტრატეგიულ პარტნიორს თუ შეუძლია და თუ აპირებს ამ მიმართულებით საქართველოს დახმარებას (თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამასწინანდელ სამიტზე ამ საკითხზე ძალზე მოკლე, "მშრალი" განცხადებით შემოიფარგლა - "შანსი მოგეცემათ, მაგრამ არა ეხლაო")?
- პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობაში ახალი არაფერია. ეს ნატოს სადამფუძნებლო პრინციპია და სწორედ კონსენსუსით მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ყველაზე ხმამაღლა სწორედ ბრიუსელის სამიტზე გაჟღერდა. განვმეორდები, რომ პირველად შედგა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების სამიტი; ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე პირველად იქნა მიღებული და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წევრი სახელმწიფოების განწყობას, საქართველო აუცილებლად გახდეს ნატოს წევრი.
გასაგებია, რომ 2008 წლის სამიტზე და მის შემდეგ კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ენთუზიაზმი გაფართოების მიმართ დღესაც სუსტია. თუმცა ხშირად მომყავს ბალტიის სახელმწიფოების ანალოგია (1999-2000 წლებში ვერავინ იტყოდა, რომ 4 წელიწადში სამივე სახელმწიფო ნატოს წევრი გახდებოდა). შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მზაობის დემონსტრირება გაგრძელდეს.
რაც შეეხება განწყობების ცვლილებას, დღეს აშშ-ის მხრიდან ვხედავთ ჩვენი გაწევრიანების მიმართ მეტად მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას. ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრ სახლის გზავნილები ძალიან მკაფიოა და ვხედავთ საქმითაც, რომ ბრიუსელის სამიტის მზადების პროცესში მათ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს საქართველოს თემატიკას. სამიტის პერიოდში პრეზიდენტმა ტრამპმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსთან ერთობლივ კომისიაშიც. ადრე ეს არ მომხდარა.
განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია შავი ზღვის განზომილება, სადაც ჩვენი და ალიანსის პარტნიორობისთვის ახალი სივრცე ჩნდება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ნატოსთან თავსებადობის განმტკიცებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანი იყო, როცა სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა, რომ საქართველოს წევრობისთვის შესაძლებლობის ფანჯარა აუცილებლად გაიხსნება.
- ნატოს სამიტამდეც, მის შემდეგაც, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების 16 ივლისის შეხვედრამდე და მისი დასრულების მერეც რუსეთის მხრიდან არაერთმა მორიგმა მუქარამ გაიჟღერა იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ, თუ საქართველო არათუ გაწევრიანდება ნატოში, მასთან დაახლოების პროცესს მაინც გააგრძელებს. იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის პრეზიდენტს თბილისის მიმართ მუქარასთან და თვალსაწიერ მომავალში ქვეყნის ალიანსში მიღების საკითხთან დაკავშირებით, თითქმის არაფერი მოგვისმენია: პუტინთან 16 ივლისის შეხვედრაზე საუბრისას ბ-ნ ტრამპს საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, საერთოდ არ უხსენებია. თქვენი ინფორმაციით, ახსენა თუ არა დონალდ ტრამპმა საქართველო პუტინთან შეხვედრის დროს და თუ კი, რა კონტექსტში? და ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვს და რას უნდა ელოდოს საქართველო პირადად ბატონი ტრამპისგან, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს?
- საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობით გამოირჩევა ურთიერთობა არსებულ ადმინისტრაციასთან, რის შედეგადაც 2017 წლის დასაწყისიდანვე საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში.
როგორც ადრე აღვნიშნე, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას ხაზი გაესვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2017 წელს განახლებულ სტრატეგიაში; საკანონმდებლო დონეზე პირველად, საქართველოს ოკუპაციის აღიარება მოხდა აშშ-ის 2017 წლის საბიუჯეტო კანონში და ეს 2018 წლის კანონშიც განმეორდა; საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას ხაზი გაესვა ასევე აშშ-ის ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2018 წლის საკანონმდებლო აქტშიც.
გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველომ მიაღწია დიდი ხნის მიზანს: რუსული აგრესიის საპასუხოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ, რაც განამტკიცებს საქართველოს შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თავდაცვის ეროვნული მოთხოვნები.
რაც შეეხება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატს, ეს იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არასახარბიელო ეტაპზეა. აქედან გამომდინარე, გარღვევას ამ სამიტზე არავინ ელოდა.
აშშ-ის ხელისუფლების პოზიცია საქართველოს დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, რაც არაერთხელ დამტკიცდა ადმინისტრაციის მხრიდან ყველა ზემოთ ნახსენები ნაბიჯით ამ 1,5 წლის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში ასეთი დონის მხარდაჭერა პირველად გამოიხატა.
- 2008 წელს ექს–პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, საყოველთაო შეფასებით, მხარდაჭერის ძალზე ძლიერი მესიჯი იყო როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის, ისე რუსეთისთვის. მას შემდეგ ამერიკის პრეზიდენტები საქართველოს აღარ სწვევიან. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს და ხომ არ მიდის მუშაობა უახლოეს მომავალში აშშ–ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მოსამზადებლად?
- 2017 წლის იანვრიდან, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში განხორციელდა საქართველოს მთავრობის წევრთა შეხვედრები ამერიკის მთავრობის სრულ შემადგენლობასთან. საქართველოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლები ერთ-ერთი პირველები ხვდებოდნენ ახლადდანიშნულ ამერიკელ კოლეგებს. ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოს თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე თვეში ესტუმრა.
ეს ყოველივე მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით გააქტიურებული თანამშრომლობის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსადმი აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და პარტნიორობის მტკიცე გეზს.
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტს, იგი ორმხრივი ვიზიტით ჯერ ცოტა ქვეყანაშია ნამყოფი და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რათა ასეთი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ.