პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "პირველთან" "ჩანაწერების სკანდალთან" დაკავშირებით საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს არის დემონსტრირება ოპოზიციის მიზნებისა, მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.
რა მიზანს ემსახურება ოპოზიციის ნაწილის მიერ ე.წ. ჩანაწერების სკანდალის აგორება?
- "ჩანაწერების სკანდალის" აგორება მკაფიოდ წარმოაჩენს ოპოზიციის ამ ნაწილის მიზანს, ერთეული დარღვევები წარმოაჩინონ სისტემურად, მოახდინონს ცესკოს და მთელი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, საერთაშორისო წრეებში, ასევე საზოგადოებაში მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია და შესაბამისად დათესონ მისდამი უნდობლობა, ხოლო შემდეგ უკვე ამის საფუძველზე ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ამის ფონზე შეეცადონ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ასეთი მეთოდებით მუშაობა, ეს მათი ხელწერაა, რომელსაც საზოგადოება უკვე შეეჩვია კიდეც.
საგულისხმოა, რომ ცესკოს ამ დრომდე არ მიუღია ის ცნობილი ჩანაწერი, რათა დადგინდეს მისი ავთენტურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქმის დეტალებში გასარკვევად.
რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომელიც მოკვლევას საჭიროებს. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მსგავსი ფაქტები არ ხმაურდებოდა და არც მაშინდელი ოპოზიცია მიმართავდა მსგავს მეთოდებს, დღეს სიტუაცია შეცვლილია.
ცესკო არ ცდილობს დარღვევების მიჩქმალვას. მთავარია, რომ ცესკომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. მყისიერად გადადგა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აღმოჩნდა ამ სკანდალის "გმირი", და დაუშვა გადაცდომა. მყისიერად მოხდა მთავრობის განკარგულების გამოცემა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაუშვებლობაზე, რომელიც განუხრელად უნდა შესრულდეს და ამის მონიტორინგი სამოქალაქო სექტორმა უნდა აწარმოოს.
ვინ ახდენს ამ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფას?
- აგორებული კამპანიის უზრუნველყოფას ახდენენ ხსენებულ ოპოზიციურ ძალასთან ღიად თუ ფარულად აფილირებული მედია საშუალებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები, რომელთაც ფართო წვდომა აქვთ მედია საშუალებებზე.