მართლმადიდებელი სამყარო 12 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, რომლითაც კაცობრიობას ეუწყა განკაცებული ღმერთი, მკვდრეთით აღდგომა. ამ დღესასწაულს ყოველი ქრისტიანი განსაკუთრებულად ეგებება. 40 დღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, მორწმუნეები სააღდგომო ღვთისმსახურებას ტაძრებში ესწრებიან და შემდეგ იხსნილებენ. ქრისტიანები აღდგომას, ტრადიციულად, წითელი კვერცხებითა და პასკით ეგებებიან.
ამ ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ "ინფო9"-ს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ესაუბრა. მამა პეტრემ ჩვენს მკითხველს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
- წითელი პარასკევი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. რატომ ვღებავთ წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად?
- აღდგომის მარხვა კულმინაციას უახლოვდება და წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა. მაშინ როდესაც უდანაშაულო ღმერთკაცი ჯვარს აკრეს და აირჩიეს ბარაბა. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში განსაკუთრებული მსახურება ტარდება და კაცობრიობის ის ნაწილი, ვინც მორწმუნეა იმ დიდ ცოდვას განსაკუთრებულად გლოვობს. რასაკვირველია, მას ახლავს თავისი სიმბოლოები და შეიძლება ითქვას, საეკლესიო რიტუალის ნაწილად იქცა კვერცხის წითლად შეღებვა. ამ რიტუალს ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია აქვს: როცა მარიამ მაგდალინელი კეისრის წინაშე წარსდგება და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ახარებს, ხელში ჩვეულებრივი კვერცხი უჭირავს. კეისარს მაცხოვრის აღდგომის არ სჯერა და მაგდალინელს ეუბნება - შენ, ახლა გინდა თქვა, რომ შენი კვერცხი წითელია? და კვერცხი გაწითლდება. ეს იმას მოწმობს, რომ უფალმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა იმ ადამიანებისთვის, ვინც სასწაულებს ეძებს და სასწაულებს ელოდება და მათ მიეცათ შანსი, რომ მათაც შეეტყოთ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.
- მამაო, რას გვეტყვით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე აღდგომაზე?
- აღდგომის დღესასწაული არის დღესასწაულთა დღესასწაული, რომლითაც კაცობრიობას ეუწყა განკაცებული ღმერთი, მკვდრეთით აღდგომა და ამით საფუძველი ჩაეყარა სამოთხის ხელმეორედ დაბრუნებას და კაცობრიობას კიდევ ერთხელ მიეცა სამოთხეში დაბრუნების შანსი. ამიტომ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ხარობს ზეცა, ხარობს მიწა და შეუძლებელია, ადამიანი ღვთაებრივმა სიხარულმა არ მოიცვას.
ყველა ჩვენთაგანისათვის ამ დღესასწაულის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მაცხოვარი მასთან ერთად სულიერი მკვდრეთით აღადგენს იმ ადამიანებსაც, ვისაც ღმერთის ცოცხალი რწმენა აქვს და ვისაც აქვს სურვილი მაცხოვართან ერთად იზეიმოს ეს უდიდესი დღესასწაული. ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ ძალიან დიდი საეკლესიო ტრადიცია არსებობს - მაგალითად, მთელი კაცობრიობა, რომელიც მორწმუნეა ცდილობს, მოილოცოს წმინდა მიწა და გახდეს ღირსი იმ სასწაულის ხილვისა. ვინც მარხულობს, ლოცულობს და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული მოწიწებით ელოდება, თავისთავად უხარია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. აღდგომის ღამეს, მორწმუნეების უმეტესობა ღვთაებრივ ცეცხლს აეროპორტში ხვდება, რომ შემდგომ ტაძრებში წააბრძანონ, საიდანაც სახლში მიაბრძანებენ. წელს, მისი უწმენდესობის ლოცვა-კურთხევით აღდგომის ღამით სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს და მადლიერების დღეს ჩაეყრება საფუძველი, სადაც აღდგომის წირვის ჩატარების შემდეგ სვეტიცხოვლის ეზოში მრევლი გაიხსნილებს - საყოველთაო ზეიმი იქნება.
- აღდგომის მარხვის განმავლობაში მორწმუნეები ლარნაკზე ხორბალს თესენ - სიმბოლურად რას ნიშნავს ეს ტრადიცია?
- მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული მოძრავია, მაგრამ აუცილებლად გაზაფხულზე იზეიმება. ჯეჯილი სიმწვანეს, ახალ სიცოცხლეს, ბუნების გამოღვიძებას განასახიერებს. ჯეჯილი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.
- რისი სიმბოლოა პასკა?
- პასკა განასახიერებს ქრისტეს სიმბოლოს და როგორც ტარიგი. ამიტომაც, აღდგომის პერიოდში განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევენ ჯეჯილსა და პასკას.
- ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავზე გავდივართ, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა და გლოვობენ. შეიძლება თუ არა კვირას, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლა?
- ზოგადად, კვირა დღე ყოველთვის აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული და აღდგომის დღეს საფლავზე გასვლა არ შეიძლება. ეკლესიამ მიცვალებულთა დღედ დაამტკიცა ორშაბათი. ამიტომ ორშაბათს გავდივართ საფლავებზე, რათა პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს, გადავიხადოთ პანაშვიდი და მათაც მივულოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. რასაკვირველია, როცა ადამიანი დაკარგული გყავს და მასთან განშორებას განიცდი, ამ პროცესს გლოვა თან ახლავს, მაგრამ აღდგომის დღესასწაულს გლოვა არ უხდება. ვინც სასუფეველშია და ვინც მართალთა თანა განისვენებს, მათ სამგლოვიარო ნამდვილად არაფერი სჭირთ.
- მამაო, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
- მინდა, წლევანდელი წელი და აღდგომის დღესასწაული იყოს დაფიქრების. არ ვიზეიმოთ მხოლოდ გარეგნულად. აღდგომის დღესასწაული არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ კვერცხების შეღებვაში, პასკების გამოცხობასა და ჯეჯილების გამრავლებაში. პირველ რიგში, ეს ჩვენს სულიერ მდგომარეობას უნდა შეეხოს და როგორც მაცხოვარი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, ასევე აღგვადგინოს უფალმა ჩვენი ცოდვებისაგან, ამინ!