ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში უკვე დიდი ხანია 2 ლარს სცდება და გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ახალი რეკორდი მოხსნა და 2.14 ლარი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს უკვე მეორედ, სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, მთავრობა კი, კურსის დასტაბილურების მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, რისთვისაც სავალუტო ფონდისგან დამატებით თანხებს მოითხოვს.
კურსის დასტაბილურებისთვის საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით „ინფო 9“ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს, ლევან კალანდაძეს დაუკავშირდა.
- ბატონო ლევან, რას უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურების ახალი ტალღა?
- ის ფაქტორები, რაც ლარის პრობლემებს განაპირობებს, მოხსნილი არაა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები დაიწყო და მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ეს აუცილებელია, მაგრამ საკმარისი პირობა არაა იმისთვის, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემები დაიძლიოს, ლარის კურსის ვარდნის ლოკალიზება მოხდეს და შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გამყარებაზე ვიფიქროთ. ეს ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებელი იყო.
მეორე ნაწილია ის, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. პრობლემის ლოკალიზება მხოლოდ ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი.
- ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს. არის თუ არა ეს კურსის დასტაბილურების კუთხით ადეკვატური ქმედება?
- ის, რაც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პოპულარული და კარგი ნაბიჯი არაა, მაგრამ სხვა გზა და ვარიანტი რეალურად არ გვაქვს. ასევე, არაპოპულარული ნაბიჯია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. პრინციპში, პოლიტიკის გამკაცრება არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა, რადგანაც ეს ზედმეტი ფულის პოლიტიკის გატარებას ნიშნავს, მაგრამ ესეც გარდაუვალი ნაბიჯია. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი თანხების მოძიება ადრე იყო გასაკეთებელი. ეს რომ დაახლოებით, ორი-სამი კვირით ადრე დაწყებულიყო, ახლა სხვა ვითარება იქნებოდა. კარგია, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
- როგორ შეიძლება მოკლე ვადაში ლარის კურსის დასტაბილურება?
- მოკლევადიანი მიზანი ლარის ვარდნის შეჩერებაა, რაც მხოლოდ ინტერვენციით და ეროვნული ბანკის ქმედებით, ასევე, ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პროექტების, გრანტების და კრედიტების პირველი ტრანშის მაქსიმალურად დროული წამოღებით არის შესაძლებელი.
მეორე უკვე ლარის გამყარებისა და გაჯანსაღების ეტაპია. ეს ეროვნული ბანკის კუთხით საპროცენტო განაკვეთის საკითხია, რაც 0.5%-ით ავწიეთ. ეს საშუალოვადიან პერიოდში უკვე ეფექტს მოგვცემს. მეორე ნაბიჯი იქნება ის, რასაც ხელისუფლებას ყოველთვის ვახსენებდით, რომ დაჩქარებული ტემპებით მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების ამოქმედება დაეწყო.
ჩვენ დღეს პრინციპში სხვა ალტერნატივაც გვაქვს - არ ავიღოთ სესხი, არ გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დღესვე უნდა დაიწყოს. ესენია - „ნენსკრა“, „ხუდონი“ და ანაკლია. ამ სამ პროექტს ჩვენ თუ დღესვე დავიწყებთ, არანაირი სესხი, არანაირი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება და არანაირი ინტერვენცია არ დაგვჭირდება, მაგრამ თეორიულად ეს შეუძლებელია.
დღეს კურსის ლოკალიზება ერთის მხრივ, ინტერვენციით და მეორეს მხრივ, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით უნდა მოვახდინოთ. შემდეგ კი, გონივრული პოლიტიკის შექმნა და რეალიზაცია უნდა დავიწყოთ, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე, დაჩქარებული ტემპით დაგეგმილი ბიზნეს საქმიანობის წარმოებაზეა ორიენტირებული.
- სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა, მაგრამ ამან კურსი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაამყარა.
- ახლანდელი 40 მლნ არაეფექტური იყო. წინა 40 მლნ ეფექტური აღმოჩნდა, რადგანაც 0.2-ით დაიწია კურსმა, თუმცა ორი დღე შენარჩუნდა. ეს აუცილებელი ნაბიჯია, თუმცა არაეფექტური. თუ ეროვნული ბანკის და ხელისუფლების ჰარმონიული და კოორდინირებული მუშაობა არ იქნა, მაშინ გამოვა, რომ სავალუტო ინტერვენციების განხორციელებით რეალურად, სავალუტო რეზერვს „ვფლანგავთ“. ამიტომ, ერთიანი მოქმედებაა საჭირო. კოორდინირებული მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ერთი უწყებაც რაღაცას აკეთებს და მეორეც.
აქამდე, ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახორციელებდა, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნაბიჯები არ გადაუდგამს. დღეს კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი სავალუტო რესურსის მოზიდვას იწყებს. ეს უკვე საქმეა - ის, რაც კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. უბრალოდ, სხვა შესაძლებლობა არ არის და ამ შემთხვევაში, ეს სწორი ნაბიჯია.
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ინტერვენციები დაგვჭირდება, ამის რეზერვი კი, ეროვნულს ბანკს აქვს. საქართველოს სავალუტო რეზერვი 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებსა და სხვადასხვა აქტივებშია ჩადებული, მაგრამ რეზერვის ე.წ. ქეშის ნაწილი ეროვნულ ბანკს იმდენი კი აქვს, რომ კურსის დაჭერა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ფულის მთლიანად გაშვება შეგვიძლია. ყველას ვერ გავუშვებთ, ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ, თანხის სწორად გაშვების საკითხი დგას.
შესაბამისად, უნდა გავუშვათ მაშინ, როცა აუცილებელია.
- გამოიღებს თუ არა კონკრეტულ შედეგს სავალუტო ფონდისგან დამატებითი თანხების მოთხოვნა?
- ხელისუფლებას სწორად დაგეგმილი პოლიტიკის პირობებში შეუძლია, ეს თანხები საქართველში დაჩქარებულ რეჟიმში შემოიტანოს. ტექნიკურად ეს შესაძლებელია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტით ეს ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაგეგმილია. აქ საუბარია იმაზე, რომ პირველი ტრანშები ქვეყანაში რაც შეიძლება მალე წამოვიდეს, ხოლო ამას კიდევ დამატებითი რესურსი დაემატოს.
იმის მოლოდინი არ არსებობს, რომ ყველაფერი მიმდინარე კვირის ბოლოს დასტაბილურდება, მაგრამ შეგვიძლია, რომ სწორი პოლიტიკის პირობებში, ერთის მხრივ, ეროვნული ბანკის ინტერვენციებით კურსის დაჭერა მოვახდინოთ, ამას კი, ის წყაროები შევაშველოთ, რაზეც ხელისუფლება იმუშავებს.
- კურსის ვარდნის წინა ტალღა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდწილად მოსახლეობაში არსებულ პანიკას დაუკავშირეს. ამ ეტაპზე, რეალურად არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი?
- ერთია პანიკის თემა და მეორე სპეკულაციის საკითხი. სპეკულაციური კურსი ბოლო პერიოდია უკვე ფიქსირდება, რადგანაც გუშინ აბსოლუტურად განსხვავებული კურსი იყო, კომერციულ ბანკებში კი, დღეს დილიდან, აშშ დოლარის ფასი 2.2-ს აღწევდა. მათ შორის, გარკვეული სპეკულაციური მიმართულება ფიქსირდებოდა. რეალური ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები „ბლუმბერგზე“ ხორციელდება, მაგრამ იქაც ძალიან სპეკულაციური ნახტომები იყო. ის კურსი, რაც შუადღისთვის კომერციულ ბანკებში ფიქსირდებოდა იმით იყო გამოწვეული, რომ „ბლუმბერგზე“ რეალური ვაჭრობის ფასი 2.2-მდე ავიდა. ეს გარკვეული სპეკულაციის მომენტია, რომელიც ნეგატიურ მოლოდინებს ყოველთვის თან ახლავს.
რაც შეეხება თავად პანიკას, ჩემთვის პანიკა მაშინ დასრულდა, როცა კურსი 1.9-ს გადასცდა. ამ ნიშნულის შემდეგ პანიკას უკვე აზრი აღარ აქვს. 1.75-დან 1.9-მდე როცა ადის აშშ დოლარის ფასი და პანიკას ამის შემდეგ ვიწყებთ, მერწმუნეთ, ის უკვე დაგვიანებულია. ახლა ამ პრობლემას ძალიან მშვიდი, პრაგმატული და რაციონალური გონებით უნდა მივუდგეთ.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი აზრი მიმართული იქნას იქითკენ, რომ ხელისუფლებამ სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩამოაყალიბოს და მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოს. მესმის, რომ მოქალაქეები ძალიან ბევრს კარგავენ, მაგრამ პანიკით არაფერი შეიცვლება.