Loading data...
ზურიკო დავითაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ

„სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „სტრასბურთან“ მატჩის (1:3) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბოლო სამ ტურში მაქსიმალური რაოდენობის ქულების მოპოვებას შეძლებენ.

„ჩვენთვის რთული მატჩი გამოდგა. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან, ჩვენ კი, გადარჩენისთვის. მეორე ტაიმში მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, მოგვიწევს მუშაობა გავაგრძელოთ, განსაკუთრებით დაცვაში, მთელმა გუნდმა. კიდევ სამი მატჩი დარჩა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.

მენტალიტეტი თავის როლს თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით კარგები ვართ, ეს „ლიონის“ წინააღმდეგ ვაჩვენეთ. ახლა მოგვიწევს, ისე ვითამაშოთ, როგორც „ლიონთან“. არ არის კარგი, როცა ერთხელ კარგ მატჩს ატარებ და მომდევნო მატჩში იმავეს ვერ ახერხებ“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ 27 ქულით ლიგა 1-ში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა გასავარდნ ზონაში, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.