„წასვლაზე არ ვფიქრობ“ - გიორგი მიქაუტაძე მომავალზე

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
ამხანაგურ მატჩში „მოლენბეკის“ წინააღმდეგ (0:0) ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი ითამაშა და ეს მისი პირველი შეხვედრა იყო მიმდინარე ზაფხულს. მატჩის შემდეგ ის „ლიონის“ ვებგვერდს ესაუბრა.
„არ წარმომიდგენია კლუბიდან წასვლა. ამ კლუბთან 2028 წლის ივნისამდე ვარ კონტრაქტით დაკავშირებული. აქ იმისთვის ვარ, რომ გოლები გავიტანო და კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.
ახლა კარგად ვარ. კოჭში მცირე დისკომფორტი მქონდა. პრესეზონისთვის მოედანზე დაბრუნება მიხარია. სასიამოვნოა ბუცების ჩაცმა. ისინი [მოლენბეკი] ჩვენზე უკეთ არიან მომზადებული, რადგან მათ მეტი მატჩი ჩაატარეს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ მათთან შესათამაშებლად.
ჯერ მხოლოდ პრესეზონის პირველი ნაწილია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ბევრს ვესაუბრები ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდა მოთამაშეებს, მუდმივად უნდა წავახალისოთ ისინი, რათა მაქსიმალურად გამოიჩინონ თავი. უბრალოდ გუნდური სტანდარტები უნდა ვიპოვოთ. მატჩების მოგება სულ უფრო და უფრო რთული გახდება და ჩვენი დონის გაუმჯობესება მოგვიწევს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.