Loading data...
თავიდან ვფიქრობდი, რომ სხვანაირი ფეხბურთელი ვიყავი, თამაშის დამოუკიდებლად მოგება შეუძლებელია, გუნდის გარეშე არაფერი ხარ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ესაუბრა. ინტერვიუ ფრანგული კლუბის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

- ბევრს მოეწონა „ბაიერნთან“ შენი თამაში, მაგრამ თუ შენს თამაშში ერთი რამის გაუმჯობესება მოგიწევდა, რას გამოასწორებდი?

- ფეხბურთი ძალიან მიყვარს და როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, ვისიამოვნო. მადლიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი ნიჭი მომცა. ყოველდღე, ვარჯიშისას, როდესაც ბურთს ვეხები, ვამაყობ. თანამედროვე ფეხბურთში სიამოვნების მიღება ძნელია, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქეები არსებობენ, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე ჩემი საქმის გაკეთებას და სიამოვნების მიღებას. ზოგჯერ ეს რთულია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ. ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია რაღაცის გაუმჯობესება და მეც. ყოველთვის ვცდილობ პროგრესს, მეტი გოლის გატანას და მეტი საგოლე პასის გაკეთებას, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და საგოლე პასები არაა - უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ეხმარები გუნდს. ზოგჯერ ვერ გაიტან ან ვერ გააკეთებ საგოლე პასს, მაგრამ მოედანზე შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც თამაშს ვასრულებ, ვიცოდე, რომ ჩემს გუნდს 100%-ით და გამარჯვებაში დავეხმარე.

- რატომაა მნიშვნელოვანი გუნდის ინდივიდუალურზე წინ დაყენება?

- თავიდან ვფიქრობდი, რომ უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელი ვიყავი, ვიდრე გუნდური, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ გუნდის გარეშე არაფერი ხარ. ბევრ ფეხბურთელს არ შეუძლია თამაშების მარტო მოგება. მივხვდი, რომ როდესაც კარგი გუნდი გყავს, სადაც ყველა ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს, შედეგსაც აღწევ.

- პსჟ-ში საოცარი ერთიანობაა, რაც მოედანზეც ჩანს.

- ვფიქრობ, რომ ეს გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ბედნიერები ვართ ერთად თამაშით და ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ვიცით, რომ თუ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ და საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. პსჟ-ში ბევრ ფეხბურთელს მსგავსი მენტალიტეტი აქვს. ერთმანეთისთვის ვიბრძით, როდესაც ვარჯიშზე მივდივარ, ბედნიერი ვარ. ისინი ყოველთვის იღიმიან, დადებითი აურა მოდის მათგან და ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც გარკვეულწილად ქართველებს ჰგვანან.

- ხშირად თქვენი გუნდისთვის განსხვავებას ქმნით. რა გიბიძგებთ ყოველდღიურად ახალ დონეზე იყოთ?

- როდესაც პსჟ-ში თამაშობ, ამბიცია უნდა გქონდეს, რადგან ბევრი ფეხბურთელია, ვისაც შენი ადგილის დაკავება სურს. ყველა თამაშში უნდა აჩვენო, რომ იმსახურებ ამ ლოგოს ტარებას. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და მინდა, ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული და თამაში მოვიგო.

- პლეი-ოფის ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანეთ, მაგრამ როცა გიყურებთ, ყოველთვის ძალიან მშვიდი ჩანხართ. როგორ ახერხებთ?

- შესაძლოა, ზოგჯერ ზედმეტ ემოციას გადმოვცემ, ზოგჯერ - ნაკლებად. თუმცა, მთავარია, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, გოლის შემდეგ ზოგჯერ ემოციური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესო რამეა, მჭირდება, რომ მოედანზე ეს ემოცია განვიცადო. ისეთი მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ჩანდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი დიდია და მათ წინააღმდეგ გოლის გატანა ძალიან რთულია, მაგრამ მყავს საოცარი თანაგუნდელები, რომლებიც მიქმნიან მომენტებს, სადაც უბრალოდ უნდა დავარტყა და გოლი გავიტანო. კარგ ფორმაში ვარ და უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო, მაგრამ მინდა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. შეიძლება ეს ზოგჯერ მე გავაკეთო, ზოგჯერ სხვამ, ზოგჯერ მთლიანად გუნდმა. ჩვენს გუნდს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

- როგორ აღწერდით ჩემპიონთა ლიგის საღამოს, თქვენს წარმოდგენაში, როგორ გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის საღამო?

- ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როდესაც თამაშობ და ამ ჰიმნს ისმენ, ეს უბრალოდ გაბედნიერებს. იცი, რომ იქ მოსახვედრად რაღაც დიდი გააკეთე და როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებ, მზად უნდა იყო, რადგან ეს უდიდესი მოვლენაა.

- ხშირად ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა ძალიან რთულია. თქვენთვის და თქვენი თანაგუნდელებისთვის ეს რთულია?

- ვფიქრობ, რომ მართლაც რთულია, როგორც ეს უკვე ვნახეთ. ბევრი თამაში გვქონდა, სადაც ბოლომდე მოგვიწია ბრძოლა და არაერთი ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როგორც ვთქვი, ბევრი ხარისხი გვაქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ თასის მოსაგებად. ვფიქრობ, გუნდები ახლა უკეთ გვიცნობენ, იციან, როგორ თამაშობს პსჟ. ისინი ცდილობენ ჩვენი სტრატეგიის განადგურებას, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, რომ გვაქვს ხარისხი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებული. გასულ სეზონში შესანიშნავად ვითამაშეთ და ვცდილობთ, იგივე გავიმეოროთ.