Loading data...
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა და საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში, UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და დანა უაითს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა. 

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე.

შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის - კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.