Loading data...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულა

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი - ორი ოქრო და ორი ვერცხლი - მოიპოვა. ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100) - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა, ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ), მან ფინალში აიუბ ბლიევს სძლია. ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდნენ. 27 აპრილს საქართველოს ნაკრები უკვე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ინდივიდუალურ ასპარეზობებს დაესწრნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი. სპორტის მინისტრმა დღეს -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტები დააჯილდოვა და ილია სულამანიძეს მოპოვებული ოქროს მედალი პირადად მიულოცა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.