ნიკა კვეკვესკირმა უნგრული კლუბი დატოვა

ნიკა კვეკვესკირმა უნგრული „ნირედიჰაზა სპარტაკუსი“ დატოვა – საქართველოს ნაკრების 33 წლის საყრდენ ნახევარმცველზე ინფორმაციას უნგრული კლუბი ავრცელებს.
„გულშემატკივრებს ვაცნობებთ, რომ გუნდის შემადგენლობა იცვლება. იმ ფეხბურთელების ჩამონათვალში, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი ეწურებათ და მისი გაგრძელება აღარ განიხილება, ნიკა კვეკვესკირიც არის.
ის ჩვენს გუნდს შემოდგომაზე შეუერთდა. 17 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში და „დიორთან“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა, რაც გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. კვეკვესკირის ანგარიშზე საგოლე პასიცაა.
სამწუხაროდ, ფეხბურთელს, რომელმაც მთლიანობაში გუნდის მაისურით 856 წუთი ითამაშა, შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა“, – წერია უნგრული კლუბის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთთან პლეი ოფის მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა, ნიკამ კი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.