მიქაუტაძემ „ალავესთანაც“ კლასი აჩვენა - მან ლა ლიგაში მე-5 გოლი გაიტანა
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ვილიარეალმა“ „ალავესი“ დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელს ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
„ელჩესთან“ გოლის შემდეგ გიორგი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელადაც ითამაშა და ძალიან კარგადაც. მიქაუტაძემ თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ვიზავის ბურთი თავზე გადაუგდო, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
მიქაუტაძეს გატანა კიდევ შეეძლო: პირველ ტაიმში ჰქონდა კარგი შანსი, ხოლო გოლის გატანის შემდეგ, სულ მალე, მეკარესთან პირისპირ მეორედ დარჩა, მაგრამ ამჯერად მისი დარტყმა „ალავესის“ კარის დარაჯმა მოიგერია და დუბლის შესრულებაში ხელი შეუშალა.
„ვილიარეალმა“ 3:1 მოიგო. მიქაუტაძემდე, გოლები მარსელინოს გუნდის რიგებიდან ალბერტო მოლეირომ და ჟერარ მორენომ გაიტანეს.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 21 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება.