ლამინ იამალს დაბადების დღეზე შშმ პირების „გასართობად დაქირავების“ გამო უჩივიან

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელი კრიტიკის ქვეშ მოექცა. სოციალური უფლებების დაცვის სამინისტრომ ესპანეთის პროკურატურას მიმართა, რომ გამოძიება დაიწყოს ლამინ იამალის წინააღმდეგ. საქმე ფეხბურთელის დაბადების დღის წვეულებას ეხება, რომლის დროსაც მან შშმ პირები „გართობის მიზნით“ დაიქირავა.
ესპანეთის აქონდროპლაზიისა და დისპლაზიის ასოციაციამ (ADEE) ქმედება „ეთიკური უფლებების დარღვევად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საკითხს სამართლებრივ ფორმას მისცემს.
საჩივრის შეტანის შემდეგ, ესპანეთის პროკურატურას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გენერალურმა დირექტორმაც მიმართა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა იმის დასადგენად, „თუ რამდენად დაირღვა კანონი და შესაბამისად, შშმ პირთა უფლებები“.
როგორც აღმოჩნდა, ლამინ იამალის მე-18-ე დაბადების დღის წვეულება ბარსელონიდან 50 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ოლიველაში, დაქირავებულ აგარაკზე გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი მუსიკოსები, იუთუბერები, ინფლუენსერები და ფეხბურთელის თანაგუნდელები: რობერტ ლევანდოვსკი, ალეხანდრო ბალდე, რაფინია და გავი ესწრებოდნენ.
მედიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, თუ როგორ შედიოდნენ აქონდროპლაზიის მქონე პირები წვეულებაზე, რაც სკანდალის მიზეზი გახდა.
ADEE-ს პრეზიდენტის კაროლინა პუენტეს თქმით, მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პირები კერძო წვეულებებზე „გართობის მიზნით“ დაპატიჟონ. „მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ ცნობილ ფეხბურთელს ეხება, როგორიც ლამინ იამალია. ჩვენი თემის წარმომადგენლების ღირსება და უფლებები არავისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გართობის მიზეზი“, - აღნიშნავს პუენტესი.
როგორც ADEE-ს პრეზიდენტი ამბობს, სოციალური გავლენების მქონე პირების მონაწილეობა მსგავს ინციდენტებში საზოგადოებას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს, რომ დისკრიმინაცია მისაღებია. „რასაც ჩვენ ყოველთვის ვგმობდით და ახლაც ვგმობთ“, - ამბობს კაროლინა პუენტესი.