Loading data...
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს და კალათბურთელებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებას ულოცავს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ხორხე გარბახოსა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მწვრთნელს ილიას ზუროსს და კალათბურთელებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებას ულოცავს და მოვლენას საქართველოს კალათბურთის ისტორიაში წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

„ეს არის დამსახურებული წარმატება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავი პერფორმანსი გვიჩვენა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გუნდი ერთსულოვნად მუშაობს, რაშიც დიდი წვლილი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა ამ დამსახურებული გამარჯვების გამო“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვიქტორ სანიკიძისა და გენერალური მდივნის ლაშა გამყრელიძის სახელზეა გამოგზავნილი.

ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.