ბექა მიქაუტაძე: გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები და მედიკამენტები
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, თბილისის მერია 2020 წლიდან ახორციელებს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას და დღემდე დაფინანსებულია 2 769 შემთხვევა, რისთვისაც 19 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
„გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია შემცირდეს დაავადების აქტივობა და პროგრამით მოსარგებლე პირებს მიეცეთ სრულფასოვანი ცხოვრების, მუშაობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 4 776 500 ლარს შეადგენს.
პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები და მედიკამენტები, ასევე, მოხსნილია ასაკობრივი ზღვარი და შექმნილია ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ აღნიშნულ პროგრამაში ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩაერთოს საჭიროების მქონე ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად სოციალური სტატუსისა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.