„ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მეუღლეს“ - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს.დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.