ზურაბ პატარაძე ბათუმში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
ზურაბ პატარაძე ბათუმში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება გაზრდის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა.
პროექტები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყება ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო სერვისების ხარისხს, ისე მათ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
პროექტის ფარგლებში, შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი და N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა, ასევე ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.
ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ცენტრსა და პოლიკლინიკაში დასრულებულია შენობების კონსტრუქციული ნაწილი. მიმდინარეობს ფასადის, ინტერიერის, საინჟინრო, სახანძრო და გათბობა-ვენტილაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები. რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოების პროექტის ფარგლებში კი დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შავი კარკასის მოწყობა.
სამედიცინო კომპლექსი იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მორგებული იქნება როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.